• თბილისი
  • 13°C
  • 21 თებერვალი, 2020
article

სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა

სასულიერო პირს, რომელიც ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება, ბრალი წარედგინა.

შსს-ის ინფორმაციით, ხუთი შვილის დედის მიმართ, ყოფილი მეუღლის, სასულიერო პირის მხრიდან განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე, ბრალი წარედგინა ლაშა ჩიქოვანს.

სასულიერო პირს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირის მიმართ 2014 წლიდან დღემდე, 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოცემული და მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის 15 ნოემბერს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, ნინო გორგოშიძე ამბობს, რომ მუქარა ყოფილი ქმრისგან არ წყდება.

სასულიერო პირის მიმართ 15 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 126-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას. 8 იანვარს, რადიო თავისუფლებას შსს-ში განუმარტეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და იმ მტკიცებულებების შესწავლა, რომელიც მხარეებმა გამოძიებას მიაწოდეს.

შეგახსენებთ, ნინო ჩიქოვანმა(გოგროშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს. ამასთან, სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე აცხადებდა, რომ ის ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მეუღლის, ასევე მისი მამათილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

 


თეგები :