• თბილისი
  • 14°C
  • 24 თებერვალი, 2020
article

"სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, ამადლიდა საკვებს, დედას აგინებდა" - ოზურგეთელი მამაკაცი რძალზე ფსიქოლოგიური ძალადობისთვის გაასამართლეს

ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ქალმა მამამთილს ფსიქოლოგიური ძალადობისთვის უჩივლა.

ქალის განცხადებით, 15 წლის განმავლობაში, მამამთილი მას ყოველდღე ეჩხუბებოდა, საკვებს ამადლიდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, რის გამოც ქალი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, იძულებული იყო სახლის მეორე სართულზე, სიცივეში, ოთახში გამოკეტილიყო.

ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ნ. ი. დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით, ზრდიდა შვილებს, ზ.ჩ. იყო უკმაყოფილო და ნ.-ს მიმართ გამოხატავდა აგრესიას, ლანძღავდა, აგინებდა დედის მისამართით, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, ამადლიდა მის მიერ ოჯახში შეტანილ სარჩოს, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას, რისთვისაც დაზარალებული იძულებული იყო ზამთრის პერიოდში გასულიყო სხვა ოთახში და გაეძლო სიცივისთვის…“- აღნიშნულია ოზურგეთის სასამართლოს განაჩენში.

სასამართლომ ბრალდებულ კაცს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა ბრალდებულის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, რომ ბრალდებული მანამდე არ ყოფილა ნასამართლევი და სასჯელი პირობითი მსჯავრით შეუცვალა. მამაკაცმა პირობა დადო, რომ მსგავს ქმედებებს აღარ გაიმეორებს.


თეგები :