• თბილისი
  • 3°C
  • 20 იანვარი, 2020
article

დიღომში მამაკაცმა ქალი ყელის არეში დაჭრა - დამნაშავე დაკავებულია

დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალი დაჭრეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს"- აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :