• თბილისი
  • 3°C
  • 20 იანვარი, 2020
article

"ყველა მშობელს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად... ფოტო-ვიდეო მასალაზე პორნოგრაფიაა ასახული" - არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულების რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა სასამართლო პროცესამდე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

"არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ამჟამად, დღევანდელ განსახილველ საქმეზე დაბარებულია საერთო ჯამში 21 ადამიანი, აქედან 10 ადამიანის აღკვეთი ღონისძიება უკვე იყო, 11-ის აღკვეთი ღონისძიება განიხილება დღეს. 10 მშობელია, 1 მასწავლებელი, 10-ვე მშობლის შემთხვევაში, ისევე, როგორც მასწავლებლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ, ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც ხდებოდა ფოტოების გადაღება. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად, გარდა იმისა, რომ არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული, აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება გარდა იმისა, რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები. ვინც დაკავებულია, ყველა მათგანი ესწრებოდა ფოტოგადაღებას”, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან.

18 ტომიან საქმეზე გამოძიება 3 თვეზე მეტია გრძელდება, ჯერ კიდევ სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე ბრალდებით 9 მშობელი და ორი ფოტოგრაფი - ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქე დააკავა. ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეო მასალას თბილისში 2 ფოტოსალონში მზადდებოდა. 

ამერიკის მოქალაქე არასრულწლოვნების ოჯახების ნდობას მოიპოვებდა, შემდგომ კი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ფოტოსესიებზე ითანხმებდა. ახლა საქმეში მონაწილე არასრულწლოვნებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

დაცვის მხარის ინფორმაციით, მძიმე ბრალდებით დაკავებული მშობლებმა იცოდნენ მხოლოდ ის, რომ არასრულწლოვნების ფოტოები სარეკლამო ხასიათის იყო. ნაწილი მათგანი ჯერ კიდევ სექტემბერში დაწყებულ გამოძიებაშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა ახლა ისინიც ციხეში აღმოჩნდნენ.

პორნოგრაფიის გახმაურებულ საქმეს უკვე 22 ბრალდებული ჰყავს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ყველა ერთი სოფლიდან არის და ყველა არასრულწლოვნის ოჯახის წევრია. 

 


თეგები :