• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

გიორგი რურუასთვის იარაღის ჩამდებ პოლიციელებს 5 ათასლარიანი პრემია მისცეს და წოდების ამაღლებას დაპირდნენ

ცნობილი ხდება მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და საპროტესტო ტალღის მხარდამჭერის, გიორგი რურუას საქმის ახალი დეტალები. 

„პრესა.ჯი“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ გიორგი რურუას დაკავება, რომელიც 2019 წლის 18 ნოემბერს განხორციელდა, შს მინისტრის პირველი მოადგილის, სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიას კადრის, კახა საბანაძის ბრძანებით დაიგეგმა. 

თუმცა, ამჟამად შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საბანაძემ, რომელიც პოლიციაში დღემდე რჩება გახარიას პირად წარმომადგენლად, ამ დანაშაულებრივ ოპერაციაში მონაწილეობის გამო, პოლიციელებს 5 ათასლარიანი პრემია გაუგზავნა ნაღდი ფულით, ხოლო ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ოპერაციას ადგილზე ხელმძღავენლობდა, წოდების მომატებას დაპირდა.

პოლიციის მაღალჩინოსანი გვიყვება, რომ გიორგი რურუას დაკავება შეთანხმებული იყო პრემიერ გახარიასთანაც. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს იცოდა ოლიგარქმა ივანიშვილმაც. რურუასთვის იარაღის ჩადება კი, რამდენიმე მიზეზით გადაწყდა. 

1. გიორგი რურუამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ახლადშექმნილი და რეიტინგული კრიტიკული ტელევიზიის, მთავარი არხის მისამართით. ის მომავალშიც აპირებდა ინვესტირებას. 

2. გიორგი რურუა აქტიურად, მათ შორის ფინანსურად ეხმარებოდა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს. 

3. გიორგი რურუა გვერდით ედგა ოპოზიციურ სპექტრს.

შესაბამისად, რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება მისთვის დანაშაულის დაბრალების შესახებ და ფორმალურადაც კი არ დაიცვა კანონის მოთხოვნები მისი სრულიად საეჭვო ვითარებაში დაკავების მომენტში.  

კერძოდ: რურუა დააკავეს იმ ადგილას, სადაც არც ერთი ვიდეოკამერა არ არის დამონტაჟებული. 

პატრულმა, რომელმაც რურუას მანქანა გააჩერა, განაცხადა, რომ მისი ვიდეოთვალი არ მუშაობდა. 

სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა ვერ დააკონკრეტა სად გაჩხრიკეს რურუა - ქუჩაში თუ მანქანაში. 

ე.წ. „მაყუჩი“, რომელიც პოლიციამ თითქოსდა მის მანქანაში იპოვა, როგორც დამამძიმებელი გარემოება, საერთოდ არ შეესაბამება „ამოღებულ“ იარაღს.

დაკავებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ აუღეს ე.წ. დნმ-ის ნიმუში, რაც პროკურორმა უარყო. 

დაკავებულმა განაცხადა, რომ იარაღი პოლიციის განყოფილებაში დაახვედრეს. 

სხვა გარემოებები: რურუას თან ახლდა დაცვის წევრი, რომელიც ლეგალურად ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს. ამიტომ, რატომ დასჭირდებოდა მას დამატებით იარაღი? 

ყველა სამოქალაქო მოწმემ, რომელიც ამ საქმეზეა დაკითხული, ცალსახად მიუთითა, რომ რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. 

მიუხედავად ამისა, მოსამართლემ პოლიტიკურად აქტიურ ფიგურას, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ბიზნესმენს წინასწარი პატიმრობა ისე შეუფარდა, რომ მოსაფიქრებლადაც არ გასულა. 

როგორც ჩანს, რეჟიმს გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადების შემდეგ სასამართლოსგან სრული გარანტია ჰქონდა იმისა, რომ მას გირაოთი არ გაათავისუფლებდნენ. 

პოლიციის მაღალჩინოსანი ვარაუდობს, რომ საქმეში ე.წ. „მაყუჩის“ გაჩენა შესაძლოა უკავშირდებოდეს ხელისუფლების გეგმებს გიორგი რურუასთვის ბრალის კიდევ უფრო დამძიმების თაობაზე.

P.S: ცხადია, შსს-ში უარყოფენ როგორც იარაღის ჩადების, ისე პრემიების გაცემის ფაქტს და აცხადებენ რომ „გ.რ-ს დაკავება კანონიერად განხორციელდა“.


თეგები :

გიორგი რურუა