• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

"თქვენს დედებს შე***, თქვენხელა ყ***ბი მაბია" - მკვლელობაში ბრალდებულმა ემზარ კვიციანის ძმისშვილმა სასამართლოზე ადვოკატს და მოსამართლეს აგინა და პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია (ვიდეო)

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომის დაწყებისას ბექა კვიციანმა მოსამართლეს და საკუთარ ადვოკატს აგინა და პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ სასამართლო სხდომა დაიხურა.

პარლამენტარ ემზარ კვიციანის ძმისშვილს, ბექა კვიციანს ბრალად 36 წლის ბიზნესმენის, ნოდარ ცხადაძის განზრახ მკვლელობა ბრალდება. მას ასევე ედავებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, დაკავებული პატიმრობაში ყოფნის დროს, წინასწარი დაკავების საკანში, პოლიციელებს თავს დაესხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უკვე ცნობილია, რომ მოკლულს 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გამოძიების ინფორმაციით, ბექა კვიციანმა მეგობარს, ნოდარ ცხადაძეს ისნის ბაზრობაზე მიაკითხა და ისინი მანქანით ერთად წავიდნენ. ბრალდებული ბექა კვიციანი მოკლულის ბავშვის ნათლიაა. ცხადაძეს ისნის ბაზრობაზე მანქანის ნაწილების მაღაზია ჰქონდა.

ბექა კვიციანი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია. ის სასჯელს იხდიდა  ჯერ ცოლზე ძალადობისთვის და შემდეგ 2008 წელს, ხულიგნობისთვისაც დააკავეს. 2014 წელს კი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მიეცა პასუხისგებაში. 

რა გახდა ცხადაძის მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცხადაძის ახლობლები ამბობენ რომ კვიციანი მეგობარს ფულს სძალავდა. საუბარია ე.წ. ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილზე, რის გამოც ოჯახს საცხოვრებლის შეცვლაც მოუწია. გარდაცვლილ ნოდარ ცხადაძეს სამი შვილი ჰყავს.

ბექა კვიციანის მამიდა ნორა კვიციანი ამბობს, რომ მოკლული და ბრალდებული ბავშვობიდან მეგობრობდნენ. "ძალიან ემოციური და ფიცხი ხასიათის ბიჭი იყო ბავშვობიდან. თავს არავის დაუხრიდა," - ამბობს ნორა კვიციანი და იქვე აცხადებს, რომ მის ძმისშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რადგან "რაღაც ტაბლეტებს იღებდა."

პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანის თქმით, ბექა კვიციანს ყველასთან ჰქონდა კონფლიქტი, გარდა ნოდარ ცხადაძისა. ემზარ კვიციანი ამბობს, რომ მისი ძმიშვილი ხშირად ჩხუბობდა, მაგრამ არა ნოდართან. ემზარ კვიციანის ვერსიითაც, ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რადგან, სავარაუდოდ, ნარკოდამოკიდებულია. ამ ვერსიას იზიარებს კვიციანის ახლობელიც. ბექა კვიციანი სოციალურ ქსელში აქტიური არ იყო, თუმცა, მის ფეისბუქ-გვერდზე ჩანს, რომ გვერდ "ქურდულ სამყაროს" ვიდეოებს აზიარებდა.

ნახეთ ვიდეო, რომელიც "მთავარმა" დღევანდელი სასამართლო სხდომიდან მოამზადა.


თეგები :