• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

რომელი ცნობილი ბიზნესმენის შვილია ბიჭი, რომელიც თელავში ორი ადამიანის დაჭრისათვის დააკავეს?

ცნობილი ხდევა თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ორი ადამიანის დაჭრისთვის დაკავებული ახალგაზრდის ვინაობა.

როგორც ირკვევა, ის დამსახურებული მეღვინის, თელავსა და მეღვინეობის წრეებში კარგად ცნობილი, დავით მაისურაძის ვაჟია.

დავით მაისურაძე სხვადასხვა დროს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე და „თელავის ღვინის მარნის“ გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი იყო. დამსახურებული მეღვინის წოდება, დავით მაისურაძეს გასულ წელს მიენიჭა.

დაჭრის ფაქტი, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. რესტორან კაპილონიდან გამოსულმა ოთხმა ახალგაზრდამ, რომელთა შორის, ერთი გოგონაც იყო, გადაადგილება გამვლელ ავტომანქანას სთხოვა, რომელსაც 1998 წელს დაბადებული, დ.მ. მართავდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, დ.მ-მ ორი ახალგაზრდა, მუცლისა და კისრის არეში ცივი იარაღით დაჭრა. ორივე დაჭრილს შემავალი ჭრილობები აღენიშნება. ისინი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

დ. მ. პოლიციამ მაშინვე დააკავა. მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული. პრაიმტაიმის ინფორმაციით, ბრალის დადგენილება, აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს, საღამოს შევა. სასამართლო პროცესი კი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში უნდა ჩაინიშნოს.


თეგები :