• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

ყოფილი ცოლისა და სიდედრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ს.-ს ყოფილ მეუღლესთან მ.ც.-სთან და ყოფილი მეუღლის დედასთან ვ.ე.-სთან ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა.

„2018 წლის 22 დეკემბერს გ.ს.-მ შვილები თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა, საღამოს საათებში კი მ.ც.-სთან და ვ.ე.-სთან საცხოვრებელ ბინაში მივიდა, დარწმუნდა, რომ ყოფილ მეუღლეს და დედამისს ეძინათ, რის შემდეგაც საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ კართან არსებული ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი გადაჭრა, მასზე რეზინის მილი დააერთა, რომლის მეორე ბოლოც მ.ც.-ს და ვ.ე.-ს საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარში მიამაგრა. რამდენიმე ხანში ვ.ე.-ს გაეღვიძა, მან გაზის სუნი იგრძნო, რის შემდეგაც დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 23 დეკემბერს დააკავეს,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბრალდებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს, განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.


თეგები :