• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2019
article

"მოხუც ცოლ-ქმარს პირში ჩვრები ჰქონდათ ჩატენილი და რკინის ჯოხებით სასტიკად იყვნენ ნაცემი" - რას ყვებიან გარდაბანში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

გარდაბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მეზობლები ყვებიან, რომ გვიან ღამემდე სახლში შუქი არ ანთებულა და მათი ეჭვი სწორედ ამან გამოიწვია.

მოხუცებს ეძახდნენ, თუმცა ვერ გააგონეს და სახლში შესულებს საზარელი სურათი დახვდათ. 84 წლის სკანდარ მუსაევის ცხედარი საპირფარეშოში, 80 წელს გადაცილებული მისი მეუღლის, შაფიკა მუსაევას ცხედარი კი სააბაზანოში იპოვეს.

თვითმხილველების მონათხრობით, ცხედრებს სასტიკი ძალადობის კვალი ეტყობოდა. მათ პირში ჩვრები ჰქონდათ, სახეები კი ბლაგვი საგნით - სავარაუდოდ რკინის ან ხის ჯოხით იყო დასახიჩრებული. მკვლელებმა ცოლ-ქმარი სიკვდილამდე სასტიკად სცემეს. მამაკაცის სახის ამოცნობაც კი შეუძლებელი იყო.

მათივე თქმით, მკვლელობის ადგილზე იყო წარწერა - "ედიკ, შენც გელოდებით”. ეს არის მოკლულების რუსეთში მცხოვრები შვილის სახელი. სწორედ ამ წარწერის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ მოხუცების მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა.

სახლიდან არაფერია წაღებული, რის გამოც მეზობლები ქურდობის ფაქტს გამორიცხავენ.

ორივე ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ისინი გარდაბნის სოფელ ქვემო ქაბანახჩში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები :