• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

სასტიკი მკვლელობა შურისძიების მიზნით, 30 წლის წინ მოკლული ბიძის გამო - რა მოხდა კასპში?

კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, ნაზირ კულბანოვი დააკავეს.

კულბანოვი საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს, შემდეგ კი პოლიციელებმა ის მკვლელობის ადგილზე მიიყვანეს, სადაც სავარაუდოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ბრალდებულმა სავარაუდოდ, პოლიციას მკვლელობის იარაღიც აჩვენა.

გავრცელებული ცნობით, ბაირამოვების და კულბანოვების ოჯახებს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ბაირამოვმა გულბანოვის ბიძა მოკლა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მოკლულმა შახარ ჯემალ ოღლიმ დაახლოებით 30 წლის წინ ნაზმირ კულბანოვის ბიძა მოკლა. რის შემდეგაც ის 10 წელი სასჯელს იხდიდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ნ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მცხოვრებ ცოლ-ქმარს – 1952 წელს დაბადებულ შ.ო.-ს და 1969 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, იარაღიდან არაერთხელ ესროლა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა შ.ო.-ს, ხოლო მისი მეუღლე თავის არეში დაჭრა.

მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა კასპის საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


თეგები :