• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

პროკურორი: გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება დადასტურდა

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღეს პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. პროკურორის თქმით საქმეში წარმოდგენილია ვიდეომტკიცებულება, რაც ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტს ასახავს, ასევე ამოღებულია სპერმა (ბიოლოგიური მასალა), რომელიც მოკლული ბავშვის სხეულზე დაფიქსირდა.

"სასამართლოს წინაშე გამოკვლეული იქნა არამხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, აღნიშნულ ბრალში იაგო ნებიერიძის ბრალი.

ეს მასალა ექსპერტიზის შედეგად, იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან იქნა აღდგენილი. ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. 

ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამას მობილური ტელეფონით იღებდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერის აღდგენა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსპერტიზის ფარგლებში იქნა აღდგენილი გადაღების საათის და რიცხვის მიხედვით. ექპერტიზის მიხედვით, ხმა რომელიც ვიდეოში საუბრობს, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

დღეს საქმეზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა. როგორც გუგუტიშვილი განმარტავს, მისი დაკითხვის შუამდგომლობის დაყენება დაცვის მხარეს დღესაც შეეძლო, თუმცა, ადვოკატმა ნებიერიძის დაკითხვაზე უარი განაცხადა.

მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.


თეგები :