• თბილისი
  • 32°C
  • 19 მაისი, 2019
article

არასრულწლოვანი პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს

არასრულწლოვანი თემურ ასლამაზიშვილი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ოქტომბერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც თემურ ასლამაზიშვილი ქურდობისთვის დააკავეს. ის და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ აღიარებისთვის სამართალდამცველებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

ასლამაზიშვილმა ფაქტი ჟურნალისტებთან დეტალურად გაიხსენა და პოლიციის თანამშრომლების გვარებიც დაასახელა, ვინც მისი თქმით, მასზე იძალადა და გაუპატიურებით დაემუქრა.

„გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა, თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთ, რაც მე ვერ ვათქმევინეო. შემდეგ როდესაც წავიდა, იქ დარჩა 7 კაცი. მათ გააგრძელეს შეურაცხყოფები, ფურთხვა, გინება და მუქარა, რომ თუ არ იტყვი ვინ იყო შენთან ერთად და ის დანარჩენი ოქრო სად იმალება, ბოთლზე დაგსვამთ. როდესაც ეს მითხრეს, ერთ-ერთი ადამიანი მეორე ოთახში გავიდა და გამოიტანა ბოთლი. ვანო ქევხიშვილი და ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო პოლიციელი, მოვიდნენ და მეჯიკავებოდნენ, რომ სკამიდან ავეყენებინე.

შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავი სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ, გვატყუებსო. როდესაც მაიკა გამხადეს, როდესაც მოტეხილი ხელი დაინახეს, შეეშინდათ და გაიქცნენ. ერთ-ერთი დარჩა, აკაკი უგრეხელიძე, რომელმაც წამიყვანა და გზაში მაგინებდა, მირტყამდა მოტეხილ ხელში. როდესაც შევიდა საავადმყოფოში, მშობლების გარეშე არ მივიღებთო და ეს გამწარებული რომ ჩაჯდა მანქანაში, აი რა დამმართეო, შენ გამო უნდა ვირბინოთ და ფული უნდა გადავყაროთო, მეუბნებოდა. რაც ახლა იმათ გითხრეს და ვერ გააკეთეს, ახლა მე რომ მიგიყვანო, გაგაუპატიურებთ და ვიდეოსაც გადავიღებთო. რაღაც წამალი იყო, მაგას დავლევთო, ისე შენთან ვერ მოვალო,“ - განაცხადა ასლამაზიშვილმა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას გამოცემული აქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, სადაც წერია, რომ არასრულწლოვანს დაემუქრნენ, რომ დასვამდნენ ბოთლზე, გააუპატიურებდნენ, გადაიღებდნენ ვიდეოზე და გაავრცელებდნენ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოზარდს შეეშინდა და აღიარა ჩადენილი დანაშაული, აღიარების მიუხედავად, პოლიციელები მის ცემას განაგრძობდნენ და მოითხოვდნენ მისგან, ეთქვა, სად ინახავდა დანარჩენ ოქროს ნივთებს. დადგენილებაში წერია, რომ დარტყმის შედეგად ის სკამიდან გადავარდა, დაეცა იატაკზე და ხელი მოიტეხა.

დაზარალებულად ცნობის დადგენილების მიუხედავად, პირები, რომელზეც არასრულწლოვანი საუბრობს, არათუ პასუხისგებაში არ არიან მიცემული, არამედ ისინი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას ისევ აგრძელებენ.

ადვოკატებმა 18 საათზე ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსეს, რათა ძალადობის ფაქტი გააპროტესტონ. ზაზა ხატიაშვილის თქმით, შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომას და იმ პირების დასჯას მოითხოვენ, ვინც არასრულწლოვანზე იძალადა.


თეგები :

×