• თბილისი
  • 35°C
  • 19 აგვისტო, 2019
article

"ბრალდებულები ხშირად დადიოდნენ ბარში, ღიად ამბობდნენ, რომ ინდოელებს და ირანელებს საქართველოში ბიზნესი არ უნდა ჰქონოდათ, ჰქონდათ კონფლიქტი ბარის უცხოელ სტუმრებთან, მათზე საცემად იწევდნენ და აგინებდნენ"

3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, დიუმას ქუჩაზე მოკლული 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის საქმეზე.

მოწმის სტატუსით ოთხი ბარმენი დაიკითხა - ვიტალის კარგი ნაცნობები. ყველა აცხადებდა, რომ ბრალდებულის სკამზე მსხდომნი: გიორგი სოხაძე (23 წლის) და ავთანდილ კანდელაკიშვილი (20), ასევე მათი მეგობრები, რომლებიც ვიტალის მსგავსად, ბარების ხშირი სტუმრები იყვნენ, აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

მოწმეთა სიტყვებით, "ისინი ნაცისტურსიმბოლოებიანი ტანსაცმლით მოძრაობდნენ" და "ხშირად იყვნენ ბარში კონფლიქტის გამომწვევები", რის გამოც ბარის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს არაერთხელ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ ახალგაზრდას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული - რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე.

ბრალს არც ერთი ბრალდებული აღიარებს. სოხაძეს - სამი, კანდელაკიშვილს კი ერთი ადვოკატი იცავს.

საფაროვის ოჯახი კი მკვლელობის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ვიტალი - სავარაუდოდ, ნეო-ნაცისტური დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. ვიტალის დედამ, მარინა ალანაკიანმა ეს ბრძოლაც ამიტომ დაიწყო და სწორედ ეს უთხრა რადიო თავისუფლებას ვიტალის მკვლელობიდან ორ თვეში - „ვიბრძვი იმის წინააღმდეგ, რისთვის ჩემი შვილი იბრძოდა. იმისთვის, რომ სხვების შვილებიც არ შეეწირონ სიძულვილსო“.

პირველ მოწმედ სასამართლო დარბაზში ბარ „ვარშავის“ ყოფილი ბარმენი სესილი ბუთხუზი გამოიძახეს. ეს სწორედ ის ბარია, სადაც 2018 წლის 30 სექტემბრის ღამით, საფაროვსა და მის სავარაუდო მკვლელებს შორის კონფლიქტი დაიწყო და ვიტალის სიკვდილით დასრულდა.

სესილი სასამართლოზე ყვებოდა, რომ ბრალდებულ გიორგი სოხაძეს, და მისი მეგობრებს მუდმივად მოსდიოდათ კონფლიქტი ხან ბარის უცხოელ (ინდოელ) მეპატრონესთან, ხანაც ბარის უცხოელ სტუმრებთან, ხშირად - შეძახილებით: „აქ რატომ ჩამოდიან, რა უნდათ“.

მათ ხშირად სთხოვდნენ ბარის დატოვებას. ბოლოს კი, როგორც სესილი ყვება, ისინი „შავ სიაში“ შეიყვანეს და შიგნით აღარ უშვებდნენ. თუმცა ისინი ბარ „ვარშავას“ მაინც სტუმრობდნენ, ოღონდ გარეთ, კიბეებზე ჩამომსხდარები სვამდნენ ხოლმე.

გიორგი სოხაძეზე, იგივე „სლეიერაზე“ სესილი ბუთხუზი ყვება, როგორ დაადო მან ერთხელ ბარის მეპატრონეს გადამტვრეული ბოთლი.

„როცა მივედი და ვუთხარი, რას აკეთებ-მეთქი, რა მნიშვნელობა აქვს ეგ ხომ ადამიანი არ არისო, სოხაძემ მიპასუხა“.

იმ დღეს სესილიმ პატრულიც გამოიძახა, მაგრამ ბარის ინდოელმა მეპატრონემ არ იჩივლა - არ მინდა, რამე დამიშავონო - სოხაძეს და მის მეგობრებს გულისხმობდა.

„პოლიციას სოხაძე ძალიან ზრდილობიანად ელაპარაკებოდა ხოლმე. ისედაც, როცა მარტო იყო, მაშინ არ იყო აგრესიული. მხოლოდ მას შემდეგ იწყებოდა კონფლიქტი, როცა ბარში მეგობრებთან ერთად მოდიოდა. მახსოვს, კასტეტიც ხშირად ჰქონდა. ერთხელ ბარზე დარჩა და ვნახე კიდეც ეს რკინის კასტეტი“.

როდესაც მოწმეებს ბრალდების მხარემ, პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ ჰკითხა, როგორ გამოიყურებოდნენ ბრალდებულები ბარში სტუმრობისას, რას ამბობდნენ, როგორ იქცეოდნენ, რა ეცვათ, თითქმის ყველამ თქვა, რომ მათ ეცვათ ძირითადად შავი ტანსაცმელი, ხელში ეჭირათ ჯაჭვები, ატარებდნენ კასტეტებს, „სხვებისგან გამოირჩეოდნენ“. იყენებდნენ შეძახილებს: „საქართველო ქართველებს“, „ზიგ ჰაილ“ (რაც ნიშნავს „დიდება გამარჯვებას“ და ეს არის ნაცისტური შეძახილი, რომლითაც ესალმებოდნენ თავის დროზე ადოლფ ჰიტლერს და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ელიტის წევრები ხშირად სწორედ ამ შეძახილით ასრულებდნენ თავიანთ გამოსვლებს), „დიდება“ და სხვა. ბარმენების თქმით, ისინი ღიად ამბობდნენ, რომ ინდოელებს და ირანელებს საქართველოში ბიზნესი არ უნდა ჰქონოდათ.

სოხაძის ადვოკატმა, ლევან ბუაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბრალდება მოგონილია - მას ვიტალი საფაროვი არ მოუკლავს და ამას 31 მაისის განაჩენიც იტყვის.

მეორე ბარმენიც, გელა შენგელაია, კოლეგების მსგავსად, საუბრობდა იმაზე, რომ გიორგი სოხაძე, ავთანდილ კანდელაკიშვილი და სხვა მათი მეგობრები ხშირად იქცეოდნენ აგრესიულად, ყვიროდნენ, უცხოელებს აგინებდნენ და მათ საცემადაც იწევდნენ. სწორედ ამიტომ „გააშავეს“ ისინი, როგორც გელა ამბობს და ბარში აღარ უშვებდნენ.

ბრალდებულები გელამ სწორედ იმ ღამით ნახა ბოლოს, როცა ვიტალი მოკლეს. ღამის 4 საათი იყო:

„ბარი დაკეტილია-მეთქი, ვუთხარი როცა მოვიდნენ. წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მე კი ტაქსი გამოვიძახე და წამოვედი. ვიტალის სიკვდილის ამბავი მეორე დღეს გავიგე“.

დაცვის მხარე ძირითადად იმაზე აპელირებდა, რომ მოწმეებს არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ ობიექტურები, რადგან ისინი იყვნენ ვიტალი საფაროვის მეგობრები, ასევე, ისინი მონაწილეობდნენ სოლიდარობის აქციაში საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად.

ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ უპრეცედენტო საქმეზე (რადგან მსგავსი ბრალდების საქმე არ განხილულა ქართულ მართლმსაჯულებაში), მოსამართლე სამართლიან და ობიექტურ განაჩენს გამოიტანს.

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომას, 2019 წლის 24 აპრილს სამოქალაქო სოლიდარობის პლატფორმის (Civic Solidarity Platform) წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეა. მონიტორთა ჯგუფი შიშობს, რამდენად მოასწრებს სასამართლო დარჩენილ ორ თვეში ყველა მოწმის დაკითხვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევას. თუ სასამართლო ვერ მოასწრებს ამ დროში მტკიცებულებათა გამოკვლევასა და განაჩენის გამოტანას, ბრალდებულები გათავისუფლდებიან წინასწარი პატიმრობიდან. ამით მათ ექნებათ შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინონ საქმისთვის მნიშვნელოვან მოწმეებზე.

საქმის მოსამართლე შორენა გუნცაძეა.

წყარო: რადიო "თავისუფლება"


თეგები :