• თბილისი
  • 27°C
  • 19 სექტემბერი, 2020
article

ქუდები, ჰალსტუხები, მაისურები, პერანგები - ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის ფონზე, ხელისუფლებამ, იმ კომპანიისაგან, რომლის დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქეა, 590 ათასი ლარის ტანსაცმელი შეისყიდა

"პრესა.ჯიმ" საქართველოს სახელმწიფო ელექტორისტემასა და შპს "იმექს.კო"-ს მიერ სულ რამდენიმე დღის წინ გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულების ასლი ექსკლუზიურად მოიპოვა. 

2020 წლის 1 მაისს დადებული ხელშეკრულებიდან ირკვევა რომ სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, შპს “იმექს.კო”-სგან 168, 854 ევროს ტანსაცმელს ყიდულობს, რაც დღევანდელი კურსით (3,5) 590,989 ლარია. 

ფასი მითითებულია დღგ-ს გარეშე, რაც იმას ნიშნავს რომ მას ზევიდან კიდევ 18 პროცენტი დაემატება.

მაშინ, როდესაც ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზე, ადამიანთა დიდი ნაწილი კი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, სახელმწიფო კომპანია ხალხის ფულს ჰალსტუხებში, ქუდებსა და პერანგებში ხარჯავს. 

ხელშეკრულებას თან ერთვის დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია ის ტანსაცმელი, რომელსაც სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა შპს "იმექს.კო"-სგან ყიდულობს. 

ზამთრის ქუდები, ზაფხულის ქუდები, ჟილეტები ამრეკლავით, მაისურები გრძელი მკლავით, პერანგები მოკლე მკლავით, პულოვერები - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაშიც სახელმწიფო კომპანია პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 590 ათას ლარზე მეტს უხდის იმ კომპანიას, რომლის დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქეა.

2020 წლის პირველ მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ: სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი, დავით ვარდიაშვილი და შპს "იმექს.კო"-ს დირექტორი, დავით გვარლიანი.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს "იმექს.კო"-მ, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, 590,989 ლარის (ფასში არ შედის დღგ) ღირებულების ტანსაცმელი 120 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2017 წელს დარეგისტრირებულ შპს “იმექს.კო”-ს ორი მფლობელი ჰყავს: 

ეგვიპტის მოქალაქე, აჰმედ ჰამდი ჰასსან ეიდ - 50 პროცენტი.

რუსეთის მოქალაქე, ლილია გრიგორიანი - 50 პროცენტი.


თეგები :

ტენდერი