• თბილისი
  • 13°C
  • 04 აპრილი, 2020
article

„ფონდი ნატახტარი“ საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა

"ფონდი ნატახტარი“ დაჯილდოვდა საერთაშორისო კონკურსზე უკრაინაში. კონკურსი „პარტნიორობა მდგრადობისთვის ჯილდო 2019“ გაეროს გლობალ კომპაქტი უკრაინის (UN Global Compact Ukraine) ორგანიზებით ჩატარდა. 

აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო დონეზე. წელს კონკურსში 80 პროექტი იყო წარდგენილი. ღონისძიების მიზანია საუკეთესო პარტნიორული პროექტების დაჯილდოება, რომლებიც ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. 

შეგახსენებთ, რომ „ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში. 2011 წლიდან დღემდე ფონდი 892.593 ლარით 550-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა. ეს დახმარება მოიცავდა ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, საგნებში მომზადებას, პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მიღებას, პროფესიისთვის საჭირო იარაღების/მასალის შეძენას, სტიპენდიის დანიშვნას (ბინის ქირა, კვება, გზა) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ფონდის 320-ზე მეტი ბენეფიციარი დასაქმდა, ხოლო 280-ზე მეტმა ახალგაზრდამ პროფესიული განათლება მიიღო. 

„ფონდი ნატახტარის“ თითოეული ბენეფიციარისთვის თანხა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოიყოფა. პროექტი საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით, ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ თანხების გამჭვირვალობა დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterHouse Cooper-ის მიერ.


თეგები :