• თბილისი
  • 27°C
  • 18 სექტემბერი, 2019
article

„ჩუმი ბომბი“ სისხლძარღვებში - როდის ჩნდება თრომბი და ანევრიზმა

სისხლძარღვების პათოლოგიები შრომისუნარიანი ასაკის ადამიანთა ინვალიდობის, უკიდურეს შემთხვევაში კი სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი საყურადღებო მიზეზი.

ამ პათოლოგიებიდან ყველაზე ცნობილი ვენური უკმარისობა, ე.წ. ვარიკოზული ვენების დაავადებ. ის საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და ძირითადად ქალებში გვხვდება, თუმცა მისგან დაზღვეული არც კაცები არ არიან. ასევე, მომატებულია არტერიული პათოლოგიების შემთხვევები, რაც მთელ მსოფლიოში ურთულეს პრობლემა.

სისხლძარღვების პათოლოგიებისგან გამოწვეული ყველაზე დიდი საფრთხე ანევრიზმაა, რომელიც, როგორც წესი, თავს მოულოდნელად იჩენს ხოლმე და მასზე რეაგირება ხშირად დაგვიანებულია. სწორედ ამიტომ მას „ჩუმ ბომბსაც“ უწოდებენ.

რამდენად სახიფათოა გაფართოებული ან შევიწროებული სისხლძარღვები და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? – ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დეისაძე გვესაუბრება.

რატომ ჩნდება ვარიკოზული ვენები ქვედა კიდურებზე და როგორია მისი სიმპტომები?

სისხლძარღვთა პათოლოგიებში ყველაზე გავრცელებული ვენური უკმარისობის პრობლემაა, რომელიც უმეტესად ქალებს აწუხებთ, თუმცა იშვიათი არც კაცებშია. ამ დროს ქვედა კიდურებზე ფართოვდება ვენები, აღარ ფუნქციონირებს  არსებული სარქველები. მისი სიმპტომებია ფეხებში ქრონიკული სიმძიმის შეგრძნება, დაბუჟება და შეშუპება, ძირითადად საღამოობით. სამწუხაროდ, პაციენტები პირველივე ჩივილების დროს არ მიმართავენ ექიმებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებს, უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება, ძალიან საშიში გახდეს.

კონკრეტულად, რა გართულებებს იწვევს მკურნალობის დაგვიანება?

პირველი - ეს არის თრომბოფლებიტი, ანუ გაფართოებული ვენების დათრომბვა, როცა შესაძლებელია, განვითარდეს ვენის კედლის ანთება. ამ დროს დაავადება გადაიქცევა საშიშად, რადგან არსებობს რისკი, თრომბი მოწყდეს და გულისკენ დაიძრას.

შემდეგი გართულება დაავადების უფრო გვიან სტადიებზე ხდება. როცა მთელი ცხოვრების განმავლობაში არასდროს ჩატარებულა მკურნალობა, ვითარდება ტროფიკული წყლული. წვივის არეში კანი იცვლის ფერს, ხდება მოყავისფრო, ირღვევა კანის სტრუქტურა. თუ ამ გართულებების შემთხვევაშიც კი ადამიანი არ მიმართავს ექიმს, შესაძლოა, კიდურის დაკარგვამდეც მივიდეს საქმე.

რამდენად იოლია და რას მოიცავს დაავადების დიაგნოსტიკა?

ამ დაავადების დიაგნოსტიკა მარტივად, ულტრაბგერითი გამოკვლევის გზით, დუპლექს სკანირებით ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ძალიან გაახალგაზრდავდა დაავადების ასაკი, მნიშვნელოვანი როლი სწორედ ადრეულ დიაგნოსტირებას ენიჭება. მაგალითად, მე მყავს 27 წლის პაციენტი ვენური უკმარისობის საკმაოდ მძიმე ფორმით. თუმცა, გვყავს საკმაოდ ასაკოვანი პაციენტიც ათჯერ მეტად დიდი ვენური უკმარისობით, მაგრამ გართულებების გარეშე. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა და პროგნოზი, რა ასაკში აღმოაჩნდება ადამინს ეს პრობლემა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკას.

როგორია მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის თანამედროვე მეთოდები?

21-ე საუკუნეში ამ დაავადების მკურნალობა საკმაოდ მარტივია და დიდ ჩარევასთან არ არის დაკავშირებული. ჩვენთან კლინიკაში ხშირად ვაკეთებთ ღია კლასიკური  წესით ჩარევას, რაც დაზიანებული ვენის ამოღებას გულისხმობს. ამით იხსნება გართულებების განვითარების რისკი. ოპერაციის შემდგომი პერიოდი რთული არ არის. პაციენტი მეორე დღეს გაეწერება და ეძლევა რეკომენდაციები. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს დიდი ფიზიკური დატვირთვა. ასევე, არ არის სასურველი მძიმე სამუშაოს შესრულება და შორ მანძილზე მგზავრობა.

მეორე ტიპის ჩარევა კიდევ უფრო მარტივია. ჩვენ გვაქვს გერმანული აპარატი „ბიოლიტეკ ლეონარდო“, რომელიც უახლესი მოდელია ლაზერული აბლაციისთვის. ეს პროცედურა ოპერაციასთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლებად ინვაზიურია. ეს არ არის სტაციონარული ქირურგია, ეს არის ამბულატორიული ქირურგია. პაციენტი დილით მოდის, იკეთებს ამ მანიპულაციას და 2 საათში საკუთარი ფეხით ტოვებს კლინიკას. ის არ საჭიროებს ანესთეზიას, არ აქვს ჭრილობა, არის მხოლოდ პატარა ნაჩხვლეტი და, მაქსიმუმ, 3 საათში პაციენტი თავისუფალია.

რატომ აქტიურდება დაავადება ზაფხულის სეზონზე და როგორია რეკომენდაციები?

დიახ, ვენური უკმარისობა განსაკუთრებით აქტიურდება ზაფხულში, რადგან მაღალ ტემპერატურას გავლენა აქვს სისხლძარღვებზე. სიცხეში სისხლძარღვები ფართოვდება, მატულობს სტაზი და შეშუპება, შესაბამისად, იზრდება ჩივილები. ვენური უკმარისობა პაციენტებს ქრონიკულად აქვთ, უბრალოდ, ზაფხულში მწვავდება და სითბოს გამო სიმპტომები აქტიურდება.

რაც შეეხება რეკომნდაციას, კარგია ცურვა, როგორც ზღვაზე, სე აუზზე, თუმცა დილის მონაკვეთში, როცა მზე ძალიან მცხუნვარე არ არის. ასევე, საყურადღებოა, რომ ცხელი ქვიშა, რუჯი, მზის ქვეშ დიდხანს ყოფნა ააქტიურებს და ამრავლებს დაზიანებულ კაპილარებსა თუ ვენურ კვანძებს. ასევე, ვურჩევ, გადაადგილდნენ ფეხით და ნუ მიიღებენ ცხელ შხაპს, უმჯობესია თბილი, საშუალო ტემპერატურის წყლის გამოყენება.

არტერიულ პათოლოგიებში რომელი დაავადება კიდურებისთვის ყველაზე საშიში?

არტერიული დაზიანებიდან ყველაზე გავრცელებული პრობლემა ათეროსკლეროზია. ამ შემთხვევაში, პირიქით ხდება - სისხლძარღვების შევიწროება, ან მთლიანად დახშობა ქვემო კიდურებში. დაზიანებული სისხლძარღვი ვეღარ ატარებს სისხლს და პაციენტს ისეთი სიმპტომები უვითარდება, როგორებიცაა: ფეხის გაციება, დაბუჟება, სიარულის გაძნელება, .. გარდამავალი კოჭლობა.

შეუსვენებლად ფეხით ჯერ 300-500 მეტრს გადიან, შემდეგ ეს მანძილი თანდათან მცირდება და ბოლოს შესაძლოა, ადამიანს ყოველ 10 -შიც კი დასჭირდეს შესვენება. ფეხი ძალიან იღლება, იმის გამო, რომ კუნთს არ ჰყოფნის სისხლი. ამ შემთხვევაში შესაძლოა, განვითარდეს თითზე სილურჯე, რაც ექიმთან დაუყოვნებლივი ვიზიტის საფუძველი უნდა გახდეს. ყველაზე დიდი გართულება, რაც ათეროსკლეროზის დროს შეიძლება განვითარდეს, არის განგრენა, რომელიც უყურადღებობის გამო შესაძლოა, კიდურის ამპუტაციამდეც კი მივიდეს.

რამდენად ეფექტიანია ამ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდები?

დაავადების სამკურნალოდ ამ შემთხვევაშიც 2 ტიპის ქირურგიული ჩარევა ხორციელდება. ეს არის ღია ოპერაცია და ენდოვასკულარული ჩარევა, ანუ დახურული მეთოდით დახშული სისხლძარღვების გახსნა. ეს დაავადება უფრო ხანდაზმულ, 60-70 წლის ასაკში იჩენს თავს. მათთან, ვისაც გადატანილი აქვ ინფაქტი, ინსულტი ან სხვა პათოლოგიები, ღია ოპერაციული ჩარევისას რისკები არსებობს. ამიტომ, პირველ რიგში, სტენტირების შესაძლებლობა განვიხილავთ და თუ ეს გამართლებულია, პრობლემა ერთი ჩხვლეტით წყდება. ამ შემთხვევაში არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა და სტენტირება 80-90 წლის პაციენტებისთვისაც კი წარმატებით გაგვიკეთებია

იმ დროს, თუ სტენტირება შეუძლებელია, დაზიანებულ სისხლძარღვს ხელოვნური სისხლძარღვით ვცვლით.

რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ოპერაციის შემდეგ?

გენეტიკასა და სქესზე ზემოქმედება, ბუნებრივია, არ შეგვიძლია. თუმცა, თამბაქოსა და ქოლესტერინიანი საკვების აკრძალვა შესაძლებელია და ამას პირდაპირი კავშირი აქვს ოპერაციის შედეგთან. ათეროსკლერო არ არის გრიპი და გაციება, რომ მკურნალობის შემდეგ ორგანიზმიდან გამოვიდეს. ეს არის დაავადება, რომელიც ორგანიზში მუდმივად არსებობს და თუ პაციენტი რეკომენდაციებს ზუსტად არ დაიცავს, არის მისი განმეორების ალბათობა. სამწუხაროდ, ამ დაავადების სრულად განკურნება მსოფლიოს დღესდღეობით არ შეუძლია.

რას გულისხმობს და როგორ ვითარდება ანევრიზმა, ანუ ე.წ. ჩუმი ბომბი?

ანევრიზმა არტერიების პათოლოგიური გაფართოებაა, რაც საკმაოდ საშიში მდგომარეობაა და მას „ჩუმ ბომბსაც“ უწოდებენ. ანევრიზმას პირდაპირი კავშირი აქვს სიცოცხლესთან. მას არ აქვს გამოხატული სიმპტომები, რაც ადამიანს დაავადების არსებობაზე მიანიშნებს. მის შესახებ პაციენტი მაშინ იგებს, როცა ანევრიზმა სკდება და სისხლის დაკარგვის გამო, გონებას კარგავს, რაც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება.

ამ დროს პათოლოგიურად ფართოვდება არტერიის კედელი, რაც შეიძლება მისი გასკდომით დასრულდეს. უმთავრესად ის მუცლის აორტაში, თირკმლის არტერიების ქვემოთ ვითარდება, თუმცა  გულ-მკერდისა და სხვადასხვა არტერიის ანევრიზმებიც გვხვდება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაიტარონ, რათა რეაგირება არ დაგვიანდეს.

ზოგადად, ვენური და არტერიული პათოლოგიები ის დაავადებებია, რომელთა ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას შეუძლია, დიდი როლი შეასრულოს მკურნალობისას. ამიტომ პაციენტებს ვთხოვ, ნუ დაელოდებიან გართულებას, პირველივე სიმპტომებისას მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევა.


თეგები :