• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

შოკოლადის ხინკალი იტალიელი მზარეულისგან

იტალიელმა შეფმზარეულმა ენზო ნერიმ, საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, ხინკალზე ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და ტრადიციული კერძი, რომელიც, ძირითადად, ცომისა და ხორცისგან შედგება, შოკოლადითა და ყველით დაამზადა.

ენზო ნერი, ცნობილი იტალიელი შეფმზარეულია და ასევე, რამდენიმე წარმატებული რესტორნის მფლობელი.

გთავაზობთ იტალიელი შეფმზარეულის რეცეპტს:

ინგრედიენტები

ცომი
  • ფქვილი - 550 გ
  • კაკაო - 80 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • წყალი - 350 მლ
გულსართი
  • ყველი რიკოტა - 500 გ
  • შაქრის პუდრა - 80 გ
  • ქიშმიში - 1 ჩ/კ
  • შავი შოკოლადი - 120 გ
  • ფორთოხლის ცუკატები - 1 ს/კ
  • ფისტაშკები (ფსტა) - დანაყილი, 1 ს/კ
ინგლისური კრემი
  • ვანილის ექსტრაქტი
  • ნაღები 35 %-38% - 250 მლ
  • რძე - 125 მლ
  • კვერცხის გული - 115 გ (დაახლოებით 3-4 ცალი)
  • შაქარი - 50 გ
  • მარილი - 4 გ

კრემის მომზადება: ქვაბში კარგად აურიეთ რძე და ნაღები, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და წამოადუღეთ. გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან ოდნავ გასაგრილებლად. ამასობაში გათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი ცალკე თასში და ნელ-ნელა შეურიეთ რძისა და ნაღების ნაზავი, პარალელურად სწრაფად ურიეთ. დააბრუნეთ ქვაბი გაზქურაზე და დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ მასისმორევა, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ გასქელდება. საცერში გაატარეთ ნაღების სოუსი და აცადეთ გაგრილება. სოუსის მომზადება ერთი დღით ადრე შეგიძლიათ.

ცომის მომზადება: ჩაყარეთ ჯამში ფქვილი და კაკაო, გააკეთეთ პატარა ორმო და ჩატეხეთ ერთი კვერცხი. ნელ-ნელა დაუმატეთ თბილი წყალი, კარგად მოზილეთ ცომი, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ და გააკეთეთ გუნდა. ცოტა ხანი დაასვენეთ ცომი (შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ), შემდეგ გააბრტყელეთ და ჭიქით ამოჭერით ფორმები (დაახლოებით 8 მმ სისქის), როგორც ამას ხინკლის მომზადების შემთხვევაში აკეთებთ. შიგთავსისთვის ერთმანეთში ფრთხილად აურიეთ რიკოტა, ქიშმიში, შაქარი, შოკოლადის ნატეხები და ფორთოხლის ცედრა. სათითაოდ მოათავსეთ რიკოტას შიგთავსი ფორმაზე და მოახვიეთ ხინკლები (იდეალურ შემთხვევაში 19 ნაოჭით). დაალაგეთ ხინკლები ფქვილმოყრილ ლანგარზე და შემდეგ ფრთხილად გადაიტანეთ მდუღარე მარილიან წყალში. ხარშეთ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში. როდესაც ხინკლები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, ამოიღეთ. თეფშზე გადმოიტანეთ ნაზი კრემი, ზემოდან დაალაგეთ შოკოლადის ხინკალი და გააფორმეთ შაქრის პუდრით, ფსტით, ფორთოხლის ცედრითა და პიტნის ფოთლით.


თეგები :