• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

შოკოლადის სწრაფად გადნობის ყველაზე მარტივი მეთოდი

დესერტებში ხშირად გამოიყენება გამდნარი შოკოლადი - განაშისთვის, კრემისთვის, ცომისთვის ან უბრალოდ მოსახატად. შოკოლადის გადნობის რამდენიმე მეთოდი არსებობს: გაადნოთ მიკროტალღურ ღუმელში, მინიმალურ ცეცხლზე, პატარა ქვაბში ან ორთქლზე. ყველა იმ მეთოდს იყენებს, რომელიც მოსწონს და მარტივი ეჩვენება.

მთავარია გადნობისას შოკოლადი არ გადახურდეს, თორემ კოშტებს გაიჩენს და ერთგვაროვან სტრუქტურას დაკარგავს.

გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მარტივ მეთოდს, რომელიც შოკოლადის გასადნობად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დატეხილი შოკოლადი ჩაყარეთ ერთჯერად საკონდიტრო პაკეტში ან ჩვეულებრივ სქელ ცელოფნის პატეტში და მოუკარით თავი. ჩადეთ ცხელი წყლით (50-60 გრადუსი) სავსე მოზრდილ ჭურჭელში, სადაც პაკეტი თავისუფლად ჩაეტევა და დაიფარება წყლით. ყურადღება მიაქციეთ, რომ პაკეტის ბოლო წყალში არ მოხვდეს და შოკოლადში სითხე არ შევიდეს, თორემ ტექსტურა გაფუჭდება.

გააჩერეთ შოკოლადი წყალში 3-10 წუთი (დამოკიდებულია ტემპერატურაზე , ასევე შოკოლადის ნატეხების რაოდენობასა და ზომაზე). რამდენჯერმე ამოიღეთ პაკეტი და ხელით დასრისეთ, რომ შოკოლადის ნატეხები გადაადგილდეს და თანაბრად გადნეს.

ამოიღეთ პაკეტი, პირსახოცით შეამშრალეთ, მოაჭერით თავი და გადაიტანეთ საჭირო ჭურჭელში. თუ შოკოლადი მოსართავად გჭირდებათ, მხოლოდ მინიმალური, რამდენიმე მილიმეტრის ზომის ჭრილი გაუკეთეთ.

ამ მეთოდით შოკოლადი არასოდეს გადახურდება, ზედმეტი ნაწილი შეგიძლიათ პაკეტითვე შეინახოთ მაცივარში და ჩვეულ მყარ ფორმას დაიბრუნებს, შემდეგ კი სხვა მიზნებისთვის გამოიყენებთ ან ხელახლა გაადნობთ. ყველაფერთან ერთად კი არც ზედმეტად დასვრილი ჭურჭელი გექნებათ დასარეცხი.


თეგები :