• თბილისი
  • 27°C
  • 18 სექტემბერი, 2019
article

ფერადი პარფე "აისიდან დაისამდე"

ინგრედიენტები: კვერცხის გული 2 შაქარი 50 გ ნაღები 35 % 170 გ წყალი 20 მლ მოცვის პიურე 25 გ ალუბლის პიურე 25 გ ბისკვიტისთვის: ფქვილი 80 გ შაქარი 100 გ გამაფხვიერებელი 1/2 ჩ.კ კარაქი 45 გ კვერცხი 1 რძე 50 მლ ზეთი 25 მლ ფორთოხლის ცედრა 1 ჩ.კ საკონდიტრო საღებავი, ნარინჯისფერი
კვერცხის გულები და შაქრის მესამედი ავთქვიფოთ ფაფუკ მასამდე. დარჩენილი შაქრით და წყლით მოვადუღოთ სიროპი და ჩავასხათ ზოლად კვერცხში, ტან ვთქვიფოთ გაუჩერებლად, სანამ მასა არ გაგრილდება. ავთქვიფოთ ნაღებიც. შევურიოთ კვერცხის გულებს. ეს კრემი გავყოთ ორად, ერთს შევურიოთ მოცვის პიურე, მეორეს ალუბლის.

ბისკვიტი იმაზე მეტი გამოდის, ვიდრე საჭიროა, მაგრამ ზედმეტი ნაწილი შეგიძიათ ისე უბრალოდ მივირთვათ.

კარაქი დავჭრათ, შევურიოთ ფქვილი, შაქარი და გამაფხვიერებელი. მივიღებთ ქვიშასავით მასას. დავამატოთ კვერცხი, ზეთი, რძე, ცედრა და საღებავი. მიღებული ცომი გამოვაცხოთ პორციულ ნახევარსფეროს ფორმებში (იხილეთ ფოტოზე ქეიქ პოპსის ფორმები) ან ერთ დიდ ფორმაში და შემდეგ გამოვჭრათ ნახევარსფეროს ფორმის ბისკვიტი.

დესერტის ასაწყობად სხვადასხვა დიამეტრის თასები დაგვჭირდება. პატარა თასში ჩავასხათ ალუბლის პარფე, შუაში ჩავუდოთ ბისკვიტი  და გავყინოთ რამდენიმე საათით. შემდეგ დიდ თასში ჩავასხათ მოცვის პარფე. პატარა თასიდან ამოვიღოთ გაყინული დესერტი (ადვილია თუ რამდენიმე წამით ცხელ წყალში ჩადებთ ჯამს), გადავიტანოთ მოცვის კრემში და ხელახლა გავყინოთ.

მზა დესერტი ფორმიდან ამოვიღოთ, მოვრთოთ თეთრი შოკოლადის ვარსკვლავებით.  
ვარსკვლავებისთვის შოკოლადი გავადნოთ, დავასხათ პერგამენტის ქაღალდზე და მოვასწოროთ. რომ გამაგრდება გამოვჭრათ სპეციალური საჭრელით

თუ საჭირო ზომის თასები არ გაქვთ, ან უბრალოდ გეზარებათ, დესერტის აწყობა ლამაზ ჭიქებშიც შეიძლება ფენებად.


თეგები :