• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები ციხეში - რეჟიმის უფროსი პატიმარს ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო უკრაინის მოქალაქემ ზეწოლის გამო თავი მოიკლა

ქართული ოცნების ციხეებში პატიმრებზე ძალადობა გრძელდება. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ექსკლუზიურად მოვიპოვეთ, მეექვსე ციხეში მომხდარ ამბებს ეხება. 

კერძოდ, ირკვევა რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ნომერ მეექვსე ციხეში, რეჟიმის უფროსი, მიხეილ კალანდაძე პატიმარ ნესტორ მუშკუდიანს ფიზიკურად გაუსწორდა. 

ძალადობის ფაქტი რამდენიმე დღის წინ, 2020 წლის 12 თებერვალს, ციხის ადმინისტრაციულ შენობაში მაშინ მოხდა, როდესაც პატიმარი ნესტორ მუშკუდიანი მის სანახავად მისულ სტუმარს უნდა შეხვედროდა. 

თუმცა, ციხის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარი ძალადობის შესახებ არც სამსახურებრივი მოკვლევა დაწყებულა და არც მოძალადე თანამშრომელი გაუთავისუფლებიათ. 

მიხეილ კალანდაძე კვლავ აგრძელებს რეჟიმის უფროსის პოზიციაზე მუშაობას და შესაძლოა, ძალადობასაც... მეტიც, რეჟიმის უფროსმა პატიმარს კრიმინალები მიუგზავნა - ფაქტი რომ არ გაეხმაურებინა.

საინტერესო დეტალი: პატიმარი ნესტორ მუშკუდიანი დიდი ხანია რაც ქართული ოცნების ციხეებში მომხდარ სხვადასხვა სახის ძალადობაზე საუბრობს. 

ამიტომ, გამორიცხული არ არის რომ ნომერ მეექვსე ციხის რეჟიმის უფროსის, მიხეილ კალანდაძის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის მოტივი შურისძიება იყოს. 

რატომ გარდაიცვალა უკრაინის მოქალაქე?

კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა 83-ე საკანში, სადაც მოთავსებული იყო უკრაინის მოქალაქე, იურაშ ოლექსი.

უკრაინის მოქალაქეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, რის გამოც ის სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსთან და იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვდა. 

თუმცა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც სასჯელაღსრულების მიმართულებას კურირებს, პატიმარს არ შეხვდა. 

შედეგად: ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმარზე  განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, იურაშ ოლექსიმ ჯერჯერობით დაუდგენელი მედიკამენტები მიიღო და გარდაიცვალა. საკანი კი, სადაც უკრაინის მოქალაქე იმყოფებოდა, 24 საათიანი ვიდეო-მეთვალყურეობის ქვეშ არის. 

ეს ტრაგიკული შემთხვევაც დაახლოვებით ორი კვირის წინ, მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. მანამდე კი, იურაშ ოლექსის მისი კუთვნილი მანქანა - "რენჯ როვერი" წაართვეს...

იუსტიციის სამინისტრო ამ ფაქტებს საგულდაგულოდ მალავს.  


თეგები :

ციხე