პოლიტიკა / 16-07-2025 / 125 Views

ხაზარაძის წერილი ციხიდან: „3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება“

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და გახარიასთან გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრობს. მისი აზრით, ადგილობრივ არჩევნებში შესვლა, ბრძოლაში შესვლაა.

„მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას.

3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის.

არ უნდა გამოვაცალოთ ქართველ ხალხს ხელიდან ბერკეტი. ბოიკოტი კი სწორედ „ქართული ოცნების" ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. არ შეიძლება ამის გაკეთება. ხალხს და განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს სჭირდება დაცვა ყველა დონეზე - ეს დამატებითი ბრძოლის ველია მიუხედავად უთანასწორო მდგომარეობისა.

ჩვენი მიზანი უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ამ სულისკვეთებით გაფორმდა ეს მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთია - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ადგილას რუსული ძალა ბრძოლის გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველო", ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია.

მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში! ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის გამარჯვების - ერთად ბრძოლით ეს გარდაუვალია!- წერს ხაზარაძე.