• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ექსკლუზივი: ქართული ოცნების წევრები პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ალაპარაკდნენ - „თუ სიტუაცია გართულდა, ზურაბიშვილს გადადგომა მოუწევს“

„თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილის სერიული შეწყალებების კომენტირებისას ქართული ოცნების იდეოლოგმა, გიორგი ვოლსკიმ.

დღეს, მარიამობის შეწყალების კიდევ ორი სკანდალური ფაქტი გახდა ცნობილი. აღმოჩნდა რომ სალომე ზურაბიშვილმა,  დავით ოთხმეზურის, თარაშ მუკბანიანისა და იოსებ ქოიავას მკვლელების გარდა, ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებული პირებიც შეიწყალა.  

კერძოდ, სანდრო არდაზიშვილი და თეა ბედინაძე სასჯელს სწორედ ნარკოდანაშაულის მუხლით იხდიდნენ. თუმცა, ისინი, მარიამობის შეწყალების შედეგად გათავისუფლდნენ.

არდაზიშვილს სასამართლომ პატიმრობა ცოტა ხნის წინ, 2019 წლის მაისში შეუფარდა, მაგრამ მისჯიდან რამდენიმე თვეში, ზურაბიშვილმა ის ციხიდან გაუშვა. 

პრეზიდენტის სერიული და სკანდალური შეწყალებების შესახებ ინფორმაცია პირველად მთავარმა არხმა გაასაჯაროვა. 

სწორედ მთავარი არხის მეშვეობით შეიტყო საზოგადოებამ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და იოსებ ქოიავას მკვლელობისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალების თაობაზე. 

რა ხდება ქართული ოცნების კულუარებში? 

საზოგადოების წნეხისა და აღშფოთების შემდეგ, ქართული ოცნების წევრთა უმრავლესობა სერიული და საეჭვო შეწყალებების გამო ზურაბიშვილს მკაცრად აკრიტიკებს. 

მათი ნაწილი, მაგალითად ვოლსკი, არც იმას გამორიცხავს რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ზურაბიშვილი პროკურატურაში დაიბარონ დაკითხვაზე. 

პარალელრუად, ქართული ოცნების „ჩათში“ უმრავლესობის წევრები შეცდომას უწოდებენ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და წერენ რომ „წესით ამ ხმაურის შემდეგ პრეზიდენტი უნდა გადადგეს“. 

ქართული ოცნების ერთერთ ჩათში რამდენიმე დღეა არ წყდება დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დასრულდეს შეწყალების სკანდალი ისე რომ ქართული ოცნება არ ან მინიმალურად დაზარალდეს. 

„საზოგადოება ჩვენ გვადანაშაულებს. თუ გავჩერდებით და ხმას არ ამოვიღებთ, ეს შეწყალებები ჩვენ შეგვეტენება. 

ამიტომ, კარგი იქნება, თუ ერთმანეთისაგან გავმიჯნავთ ზურაბიშვილს, მის მიერ განხორციელებულ შეწყალებას და ქართულ ოცნებას“, - ასეთი შინაარსის მოსაზრებები ჟღერდება ქართული ოცნების ერთერთ ჩათში, რომლის ნაწილიც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. 

იგივე ჩათში, ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის მიერ დაიწერა რომ ციტატა: „თუ სიტუაცია გართულდა, ზურაბიშვილს გადადგომა მოუწევს“.

როგორც ჩანს, რეჟიმს დაავიწყდა რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება პირადად ივანიშვილის დამსახურებაა და შესაბამისად, სწორედ ოლიგარქიცა პასუხისმგებელი პრეზიდენტის სერიულ შეწყალებებზეც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების დახურული „ჩათიდან“ ინფორმაციები ჟონავს. რამდენიმე თვის წინ, მმართველი პარტიის დახურული ჩათის ე.წ. „სქრინები“ შაბათის კურიერმ გაასაჯაროვა - იქამდე, ვიდრე ოლიგარქი რუსთავი 2-ის ოკუპაციას მოახდენდა.

P.S: ზურაბიშვილის გადადგომის შემთხვევაში, ძალაში შევა პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს არა ხალხი (პირდაპირი არჩევნებით), არამედ ე.წ. ხმოსნები აირჩევენ, რაც შესაძლოა, ივანიშვილს აწყობდეს კიდეც იქამდე, ვიდრე პარლამენტში მორჩილი უმრავლესობა ჰყავს.