• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

გორის ქარის ელექტროსადგურს, რომლის მშენებლობა 26 მილიონი ევრო დაგვიჯდა, მთავრობა 14 მილიონ დოლარად ყიდის

ქართლის ქარის ელექტროსადგური, რომელიც წლიურად საშუალოდ 84  მილიონ100 000 კვტ/სთ ელ. ენერგიას გამოიმუშავებს, მთავრობა აუქციონის წესით 14 მილიონ 250 ათას დოლარად ყიდის.

სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდმა" და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით საჯარო აუქციონი უკვე გამოაცხადეს. 

განისაზღვრა საწყისი ფასიც -  14.25 მილიონი დოლარი.

სხვა დეტალები 

"ქართლის ქარის ელექტროსადგურის” ქონება 10 ჰექტარზე მეტ ფართობსა და ექვს ქარის ტურბინას მოიცავს.

ოფიციალური მონაცემებით, თითოეული ტურბინის სიმძლავრე 3.45-მეგავატია. 

ქართლის ქარის ელექტროსადგური 2016 წლის 20 დეკემბერს გაიხსნა. 

ხელშეკრულების მიხედვით, გორის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტრო ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით ყიდულობს.

კერძოდ,  ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს შორის დადებული მემორანდუმით, ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100 პროცენტი (კილოვატის დადგენილი ღირებულება $6.89 ცენტი). 

შესაბამისად, სახელმწიფო ელექტროსისტემა ქართლის ელექტროსადგურს წლიურად საშუალოდ 5 500 000 დოლარს უხდის, რაც 10 წლის განმავლობაში 55 000 000 დოლარია. 

საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია რომ:  “შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურთან“ დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება კონფიდენციალური ინფორმაციის გაცნობის შესახებ არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრის 18:00 საათისა”.

 ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა 26 მილიონი ევრო დაჯდა, მისი ღირებულების 70 პროცენტი EBRD-მა დააფინანსა.