• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მსვლელობა გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. აქტივისტებმა კედელზე დატოვეს წარწერა – „შეცვალე“.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობით დაბრუნდებიან.

ამასთან, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე კარვებია გაშლილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოთხოვნების შესრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩებიან.

აქციის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. ამასთან, მათი განცხადებით, პროპორციულ არჩევნები გარდამავალი მთავრობის პირობებში უნდა ჩატარდეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.


თეგები :