16:26:33     18-12-2017
დავით ჭიჭინაძე: საბაბს ვერ ვხედავ, რომ პრემიერი გადადგეს
ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ორი ახალი ფრაქციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ერთერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს გოჩა ენუქიძე. ამ ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან ილია წულაია, პაატა მხეიძე, ოთარ დანელია, თამაზ ნავერიანი და გოდერძი ჩანქსელიანი.
მოგვიანებით გახდება ცნობილი, ვინ იქნება მეორე ფრაქციის შემადგენლობაში. დეპუტატების ნაწილი ადასტურებს, რომ იმ ფრაქციის შემადგენლობაში იქნება, რომელსაც გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.
„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ეგრეა, მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნები, ვრცელდება ახალი ინფორმაციები დაპირისპირებასთან, რაც აბსოლუტურად სიცრუეა. დაახლოებით ორი თვის წინ გაგვიჩნდა ეს იდეა,“ - განაცხადა პაატა მხეიძემ.ნაწილი კი ამბობს, რომ ჯერ ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
Presa.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით ჭიჭინაძეს ესაუბრა:
- პარლამენტის დღის წესრიგში განახლებული მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დგას. რამდენად არის მოსალოდნელი, რომ უკვე მომხდარი და ამჟამად მიმდინარე ცვლილებების ფონზე მან დატოვოს თანამდებობა და მისი ადგილი სამთავრობო გუნდის სხვა წევრმა დაიკავოს?
- ვფიქრობ, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს საკმაოდ მარალი მხარდაჭერა აქვს და მისი შედეგი კენჭისყრისას გამოჩნდება. გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებს თუ არ დატოვებს, მისი გადასაწყვეტია. პრემიერი არის პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გუნდის ლიდერი, მისი მეშვეობით, საკმაოდ წარმატებული არჩევნები ჩავატარეთ. ვფიქრობ, ჯერჯერობით, ქვეყანაც ვითარდება და მე საბაბს ვერ ვხედავ, რომ პრემიერი გადადგეს.
- პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ კამპანიას უკავშირებენ პარლამენტში უმრავლესობის ფრაქციის ბაზაზე ახალი ფრაქციების შექმნას. არის თუ არა დაპირისპირება მმართველ გუნდში, რომლის შესახებ დიდი ხანია მიდის საუბარი?
- ზაფხულის პერიოდიდან მოყოლებული ისმის ასეთი კულუარული საუბრები. პირდაპირ გეტყვით, რომ მაგალითად, „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით 85 კაციანი ფრაქციის არსებობამ გამოიწვია ის, რომ ბევრმა ჩვენმა კოლეგამ სათანადო ინფორმაცია ვერ მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე პირადად, წინააღმდეგი ვიყავი ამ კანონპროექტის მიღების. კომიტეტში, სადაც გვქონდა კომუნიკაცია, მოვისმინეთ მხარეების არგუმენტები და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ფრაქცია რომ არის 85 კაციანი, ვერ ხერხდება მათი ერთად შეკრება ინფორმაციის გასაზიარებლად. ვფიქრობ, რომ ფრაქცია 40 წევრზე ზემოთ არც უნდა არსებობდეს, რადგან მობილურობას კარგავს. კომიტეტმა, რომლის წევრებიც სხვა ინფორმაციას ფლობდა, ვერ მოახერხა მისი კოლეგებამდე მიტანა. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დაპირისპირება არსებობდა უმრავლესობაში, უბრალოდ რაღაც წალაპარაკებებს დაემთხვა ფრაქციის დაყოფის გადაწყვეტილება, თორემ მე ვერ ვიტყვი, რომ იქ ვინმე პრემიერთან დაპირისპირებულია, უფრო პირიქით, თავს მისი გუნდის წევრებად მოიაზრებიან.
- რაც ეხება თავად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კანონს, რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგებოდით თქვენ და თქვენი კოლეგების ნაწილი და უმრავლესობამ არასაკმარისი ინფორმაციის არქონის გამო დაამტკიცა, რა შეიძლება ამ მხრივ შეიცვალოს?
- დღესაც წინააღმდეგი ვარ ამ კანონპროექტის და ალბათ, შევეცდები, ჩემი კოლეგები დავარწმუნო, რომ ვეტოს განხილვისას, ვეტო არ გადავლახოთ.
- ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს?
- პრეზიდენტი ისეთ რაღაცეებზე იყენებს ვეტოს, რომ იმედი მაქვს, ახლაც გამოიყენებს. მე მიმაჩნია, რომ ამ კანონის მიღებით ირღვევა ძალიან ბევრი პრინციპი. თუნდაც ის პრინციპი, რომელიც არსებობდა დღემდე, რომ დღემდე მთლიან შიდა პროდუქტზე მიბმა, ტელევიზიის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამის საპირისპიროა რეკლამით დაფინანსება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება შოლტი, რომელსაც გამოიყენებენ ჟურნალისტებისთვის და ასევე ნუგბარი, რომლითაც წაახალისებენ მათ, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კომერციულ ტელევიზიებთან კონკურენციაში ამ მიმართულებით არ უნდა შედიოდეს, მას აქვს თავისი დატვირთვა და ახლა რომ იძახიან რეიტინგი გვინდაო, რეიტინგი არის ხელისუფლების ლანძღვაში და არაობიექტურობაში. ვფიქრობ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამით დაკავებული არ უნდა იყოს.
- ფიქრობთ, რომ მმართველ გუნდში იმდენი თანამოაზრე გყავთ, რომელიც ვეტოს არ დასაძლევად საკმარისი იქნება?
- მთელი დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტი ამ კანონპროექტის წინააღმდეგი ვიყავით.
0