ოდისეი დიმიტრიადის აუხდენელი უკანასკნელი სურვილი ოდისეი დიმიტრიადის აუხდენელი უკანასკნელი სურვილი />


  02:21:10     26-03-2014

ოდისეი დიმიტრიადის აუხდენელი უკანასკნელი სურვილი

a28697.jpg

ცნობილი დირიჟორის, ოდისეი დიმიტრიადის, დაბადებიდან 105 წელი შარშან შესრულდა. ადამიანმა, რომელმაც ქართულ კულტურაში ახალი საუკუნე შექმნა, თავადაც მთელი საუკუნე განვლო. დაბადებით ბათუმელი გახლდათ, ეროვნებით – ბერძენი. თავისი ისტორიული სამშობლო ძალიან უყვარდა, დიდ პატივს სცემდა, თუმცა ყოველთვის ყველგან აღნიშნავდა, რომ ბათუმელი იყო.
ოდისეი დიმიტრიადის ცხოვრების წიგნის საინტერესო ფურცლები მის 81 წლის ქალიშვილთან, პიანისტ ნანა დიმიტრიადისთან ერთად გადავფურცლეთ.
საბავშვო ოპერიდან დიდ ოპერამდე
– მამაჩემი, ოდისეი დიმიტრიადი, 1908 წლის 7 ივლისს ბათუმში დაიბადა. ბაბუაჩემი ისტორიული კონსტანტინეპოლიდან იყო ჩამოსული ბათუმში. ბერძენი ქალი შეირთო და 8 შვილი შეეძინათ. მათ შორის ყველაზე უმცროსი ოდისეი გახლდათ. ის პატარაობიდან იყო მუსიკით დაინტერესებული. 10 წლიდან როიალსა და ვიოლინოზე უკრავდა. 12–13 წლიდან ოპერამ გაიტაცა. სხვათა შორის, იმ დროს ბათუმის საოპერო თეატრს ძალიან კარგი დასი ჰყოლია. მეგობრებთან ერთად წარმოდგენებზე დადიოდა. ოპერამ იმდენად გაიტაცა, რომ 14 წლისამ საბავშვო ოპერა დაწერა, რომელიც, სამწუხაროდ, დაიკარგა.
ბათუმის რუსულ გიმნაზიაში სწავლობდა. ბერძნულადაც კარგად საუბრობდა და რუსულადაც. ქართულად საუბრის რცხვენოდა, თორემ ყველაფერი ესმოდა. ერთხელ თურმე სკოლაში დასცინეს, როცა რაღაც ქართული სიტყვა არასწორად თქვა. მას მერე ჰქონდა ქართულად საუბრის კომპლექსი და რუსულ ან ბერძნულ ენაზე ლაპარაკს ამჯობინებდა. ქართულ ენაზე დაწერილს ჩვეულებრივად კითხულობდა. ოპერებს რომ დგამდა, მომღერლებს სიტყვებსაც ქართულად კარნახობდა.
1926 წელს ბათუმის გიმნაზია დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წამოვიდა. უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მუსიკის გზით უნდა ევლო. მის გარდა არაფერი აინტერესებდა. ჯერ საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ჩააბარა. იმ დროს საქართველოს კონსერვატორიის რექტორი ზაქარია ფალიაშვილი გახლდათ. კონსერვატორია რომ დაამთავრა, ზაქარია ფალიაშვილმა აფხაზეთში გაგზავნა. მამა იქ მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი გახდა და ორკესტრი ჩამოაყალიბა. სოხუმიდან სასწავლებლად ლენინგრადის კონსერვატორიაში გაემგზავრა, სადაც სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა. მაშინ ლენინგრადი ხელოვნების მექა, მუსიკალური ტრადიციების მქონე ქალაქი იყო. შესანიშნავი სიმფონიური ორკესტრი ჰყავდათ, რომელიც დღესაც არსებობს.
ლენინგრადის მამა ძალიან დაუახლოვდა დირიჟორ ევგენი მიქელაძეს. შემდეგ, როცა ევგენი მიქელაძე თბილისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი გახდა, მამა მიიწვია და ბევრი ოპერა მისცა სადირიჟოროდ. როგორც იცით, ეს უდიდესი პიროვნება 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და მისი კვალი გააქრეს. მამა ჩემთან საუბარში ძალიან ხშირად ახსენებდა ევგენი მიქელაძეს. ამბობდა, დიდი მუსიკოსი იყო და, რომ ეცოცხლა, თავისი ნიჭით სამშობლოს ძალიან ბევრ რამეს გაუკეთებდაო.
1947 წელს თბილისის სიმფონიურ ორკესტრს რეორგანიზაცია გაუკეთა და მამა მთავარი დირიჟორი გახდა. 1952 წელს საოპერო თეატრის მთავარ დირიჟორად მიიწვიეს. 1965 წლიდან კი მოსკოვის დიდი თეატრის დირიჟორი გახლდათ. მერე ისევ თბილისში დაბრუნდა ოპერის თეატრის ხელმძღვანელად. მისი დაბრუნებიდან მეორე დღეს თეატრი დაიწვა. მთელი ოპერა ერთი წლის განმავლობაში პროფკავშირის შენობაში იყო. მამა იქ დირიჟორობდა წარმოდგენებს, თუმცა ძალიან უჭირდა, იქ შესაფერისი პირობები არ იყო. იმ დროს ახალგაზრდა აღარ გახლდათ, გაუჭირდა იქ მუშაობა და წამოვიდა.
თბილისშიც და მოსკოვშიც მოწაფეები ჰყავდა. ხან მოსკოვში მიდიოდა და ახალგაზრდა მუსიკოსებს ასწავლიდა, ხან აქ ატარებდა ლექციებს. მის ხელში ბევრი ქართველი დირიჟორი გამოიზარდა. ჯანსუღ კახიძეც მამას მოწაფე იყო და მისით ძალიან ამაყობდა, თუმცა ამბობდა, ჯანო იმდენად დიდი ტალანტი იყო, რომ ვისი მოწაფეც უნდა ყოფილიყო, მისგან მაინც გამოჩენილი დირიჟორი დადგებოდაო.
ნადეჟდა და ელიზავეტა – ორი ქალი დირიჟორის ცხოვრებაში
– დედაჩემს, ოპერის მომღერალ ნადეჟდა ხარაძეს, პირველად კონსერვატორიაში შეხვდა. მაშინ ის ჯერ სტუდენტი იყო. ოდისეი მასზე 3 წლით უფროსი გახლდათ. ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ. ჯერ ჩემი და დაიბადა, რომელიც წლინახევრისა გარდაიცვალა, შემდეგ მე გავჩნდი. 3 თვის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. მათი ოჯახური ცხოვრება ვერ აეწყო, ამიტომ ცხოვრება ცალ–ცალკე განაგრძეს. ამის მერე მამამ მეორე ოჯახი შექმნა, დედა კი მე მზრდიდა. 5 წლამდე მამას არ ვიცნობდი, რადგან დედასთან გაშორების შემდეგ ჯერ სოხუმში წავიდა, მერე – ლენინგრადში. როდესაც ჩამოვიდა, პირველად მაშინ ვნახე. გულში ჩამიკრა და იმ წუთიდან ვიგრძენი მისგან სიყვარული, მამის მიმართ მეც ანალოგიური გრძნობა გამიჩნდა. მისი სიცოცხლის ბოლომდე ასე იყო. ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა.
დედასთანაც კარგი, აბსოლუტურად გახსნილი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ყოფილ ცოლ–ქმარს, ერთმანეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონიათ. დედა თეატრში მუშაობდა, მამა კი დირიჟორი იყო. ამიტომაც ერთმანეთის ნახვა ხშირად უწევდათ.
მამა მეორედ სოხუმში ყოფნისას დაოჯახდა – ელიზავეტა სერბინაზე. მასთან და მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემი ერთი ძმა, პარისი, დღეს ცოცხალი აღარ არის. პიანისტი იყო. 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ათენში იმყოფებოდა და ის უბედურებაც იქ შეემთხვა. სიბნელეში ისეთ ადგილას გაიარა, სადაც არ უნდა გაევლო. მიწა ფეხქვეშ გამოეცალა და გადმოვარდა. მამა იმ დროს მექსიკაში გასტროლებზე იმყოფებოდა. შეატყობინეს, თქვენი ვაჟი ცუდად არისო. სასწრაფოდ გაემგზავრა საბერძნეთში. თვითმფრინავში ვიღაცას მიუსამძიმრებია და ასე გაიგო, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა.
ჩემი მეორე ძმა, ორესტი, ქიმიკოსია, თბილისში ცხოვრობს თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მათთან ხშირად დავდივარ სტუმრად და ჩვეულებრივი დაძმობა გვაქვს. დედას ჩემი ძმები ძალიან უყვარდა, ასევე მამაჩემის მეორე მეუღლეს მე ვუყვარდი, სულ თბილად მექცეოდა.
ოდისეი თავის წიგნში ასეთ რამეს წერს – მადლობელი ვარ ჩემი ორივე მეუღლის, რომლებმაც ასეთი დიდი საქმე გააკეთეს და ჩემი შვილები ერთმანეთთან დააახლოვეს, ორივეს წინაშე ქედს ვიხრიო. ეს რომ დაწერა, მაშინ არც დედაჩემი იყო ცოცხალი და აღარც მისი მეორე ცოლი.
მამაშვილობა
– მამასთან დიდი სიახლოვე მქონდა და ამასთანავე მუსიკის სიყვარული გვაერთიანებდა. მე პროფესიით კონცერტმაისტერი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი გახლავართ. წლების განმავლობაში საკონცერტმაისტერო დაოსტატების კათედრის ხელმძღვანელი ვიყავი. ამჟამად მოწაფეებთან ვმუშაობ. მამისგან პროფესიულ რჩევებს ხშირად ვიღებდი. ეამაყებოდა, რომ მუსიკოსი გავხდი, თუმცა ერთ რამეს ხშირად მიმეორებდა – ნიჭიერი ხარ, მაგრამ ზარმაცი და გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლიაო. ეს თვითონაც კარგად ვიცოდი, მაგრამ მეტს ვერც გავაკეთებდი. სხვა დროში მომიწია ცხოვრება. მაშინ არ მიოცნებია იმაზე, რომ ერთ დღეს საუკეთესო პიანისტი გავმხდარიყავი. უბრალოდ ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს, მისგან სიამოვნებას ვიღებდი და ეს მაკმაყოფილებდა. ასევე იყვნენ ჩემი მეგობრებიც. რამდენიმე ადამიანს თუ გავიხსენებ, ვისაც იმის მანია სჭირდა, რომ დიდი პიანისტი გამოსულიყო.
რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ჩემი ქმარი ლევან თაქთაქიშვილი გახლდათ, რომელიც 10 წლის წინ გარდაიცვალა. პროფესიით ფიზიკოსი იყო, მერე კი ტელეფილმების სტუდიაში რეჟისორად მუშაობდა. ჩემი ვაჟი ალექსანდრეც ფიზიკოსია. უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ვაშინგტონში ცხოვრობს. ამჟამად სამეცნიერო–კვლევით ცენტრ "ნასაში" მუშაობს. მისი მეუღლე მხატვარი ნანა ბაღდავაძე გახლავთ. უკვე 2 წელია ჩემი შვილიშვილი ლევანი და მისი ცოლ–შვილიც საცხოვრებლად ვაშინგტონში წავიდნენ.

ისტორიულ სამშობლოში

– მამის წინაპრები წარმოშობით ათენიდან იყვნენ. თუმცა მას თუ ჰკითხავდით, სადაური ხარო, გიპასუხებდათ – ბათუმელიო. საქართველო ძალიან უყვარდა. მართალია, ბოლო პერიოდში რუსეთიდანაც ჰქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მიდიოდა და მალევე ბრუნდებოდა. ძალიან ბევრი ჩანაწერი ჰქონდა. ამ მასალების საფუძველზე საბერძნეთში მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნი გამოიცა. როდესაც წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ საქართველო საოცრად ჰყვარებია. ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ ბევრი რამ ჩემთვის ახალი აღმოვაჩინე. სადაც კი წავიდოდა, სულ ამბობდა, სამშობლოში ყოფნა მენატრებაო.
მამა ძალიან ბევრს მოგზაურობდა. არც კი ვიცი, თუ არის ქვეყანა, სადაც გასტროლით არ ყოფილა. სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანა შემოიარა ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად, რომელსაც საბალეტო დასი ჰყავდა წაყვანილი. ბუენოს–აირესს უდიდესი საბალეტო თეატრი აქვს, რომელსაც "კოლონი" ჰქვია. სწორედ ამ თეატრის სცენაზე სპექტაკლი ორჯერ დადგა.
12–14 წლის რომ ვიყავი, იმ წლებში თავის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ხშირად მიდიოდა სოხუმში, ბათუმსა და გაგრაში და მეც დავყვებოდი ხოლმე. ხშირად დედაჩემთან ერთად მივდიოდი, რადგან ის ორკესტრთან ერთად მღეროდა. მამამ ერთხანს საბერძნეთში, თავის ისტორიულ სამშობლოშიც იმუშავა. ეს 60–იან წლებში ხდებოდა. იქ ეპატიჟებოდნენ, სპექტაკლებს დგამდა, ქართველი მომღერლები ჩაჰყავდა და კონცერტებზე გამოჰყავდა. ათენის თეატრში "ბორის გოდუნოვი" დადგა, სადაც ზურაბ ანჯაფარიძემ იმღერა და "პიკის ქალი", სადაც მთავარი პარტია პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. ამაყობდა, რომ ბერძნებს ასეთი ნიჭიერი ქართველი მომღერლები გააცნო. ათენის საოპერო თეატრში რომ მუშაობდა, ოჯახის წევრებიც ჩავდიოდით ხოლმე. ჩემმა ძმისშვილებმა განათლება იქ მიიღეს. პირველად ათენში 1978 წელს ჩავედი. იქაურობა ძალიან მომეწონა, ნათესავები თბილად შემხვდნენ. ისინი ძალიან შემიყვარდა და მათაც შევუყვარდი. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, თუმცა ვინც არიან ცოცხლები, მათთან დღემდე მაქვს ურთიერთობა.
ნათესავი ბევრი გვყავდა, თუმცა ათენში სახლი არ გვქონია. მამა ასეთი პიროვნება იყო, რომ მატერიალურ საკითხებზე ყურადღებას არ ამახვილებდა. ათენში თავისუფლად შეეძლო სახლი შეეძინა და როცა ჩავიდოდით, იქ დავბინავებულიყავით, მაგრამ ეს არ გააკეთა. საბერძნეთში ქირით ცხოვრობდა. ადგილობრივებს ძალიან უყვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ. როდესაც უკვე ღრმად მოხუცი გახლდათ, ათენის მთავრობამ ბინა მისცა, რომ თავის შვილიშვილებთან ერთად ეცხოვრა.
"მეხუთე გრაფა"
– 1946 წელს მამაჩემი მოსკოვის დიდ თეატრში დაპატიჟეს. რუსეთში გაემგზავრა, თან ძალიან ნერვიულობდა. კორსაკოვის ოპერას "მეფის საცოლეს" უდირიჟორა და ძალიან წარმატებითაც, თუმცა რამდენიმე თვეში ასეთი პასუხი მიიღო: "ძალიან მოგვეწონა კონცერტი თქვენი დირიჟორობით, მაგრამ, სამწუხაროდ, მეხუთე გრაფის გამო უარი უნდა გითხრათ". საქმე ის არის, რომ მეხუთე გრაფაში ეროვნება იწერებოდა. რადგანაც ბერძენი იყო, დიდ თეატრში ამის გამო არ მიიღეს. საგულისხმოა, რომ მსგავსი პრობლემა საქართველოში არასდროს შექმნია.
ერთხელ თბილისში საბერძნეთის თეატრი იყო ჩამოსული, რომელიც მხოლოდ ძველი ბერძენი ავტორების ნაწარმოებებს დგამდა. ამ დასში იყო ერთი არაჩვეულებრივი მსახიობი – ასპასია პაპატანასიუ. მისი შესრულებული ელექტრა და მედეა მეც ვნახე. კონცერტის შემდეგ მამამ მთელი თეატრი თავის სახლში დაპატიჟა. მე და ჩემი მეუღლეც მივედით. ყველა მსახიობი დამამახსოვრდა, ასპასია კი განსაკუთრებით საინტერესო ქალი გახლდათ. საერთოდ, მამა ძალიან ხელგაშლილი კაცი იყო და ამაში ხელს მეუღლეც უწყობდა. ყველა დიდი რანგის ხელოვანი სტუმარი ოჯახში მიჰყავდა და სუფრას ახვედრებდა.
"მეცხრე სიმფონია" – საყვარელი "წიგნი"
– მუსიკა მამაჩემის მაცოცხლებელი ძალა იყო. მის გარეშე ყოფნა უბრალოდ არ შეეძლო. ერთხელ, უკვე მოხუცი რომ იყო, მე და ჩემს ვაჟს ბორჯომის კომპოზიტორთა სახლში მიგვყავდა. საერთოდ, ბორჯომი და ლიკანი მისი უსაყვარლესი ადგილები იყო. გზაში შევეკითხე, მამა, რამე წიგნი თუ მიგაქვს, იქ რომ წაიკითხო–მეთქი. გაკვირვებულმა მიპასუხა, ბეთჰოვენის "მეცხრე სიმფონია" მიმაქვსო. ეს სიმფონია ორჯერ შეასრულა, მაგრამ მისგან ვიცი, რომ საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, ამიტომაც "მეცხრე სიმფონიას" გამუდმებით სწავლობდა.
დიდი მაესტრო ოპერის ლეგენდების გვერდით
– მამა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, თითქმის 100 წელს მიაღწია. ძალიან საყვარელი და საინტერესო ადამიანი იყო და ბოლომდე ასეთი დარჩა. მასთან საუბარი მიყვარდა, როდესაც რაღაცას ჰყვებოდა, იმ ამბის ყველა დეტალი ახსოვდა. ფოტოგრაფიული მახსოვრობა ჰქონდა. სულ მიკვირდა, ამდენ რამეს როგორ იმახსოვრებდა. უზომოდ კეთილი კაცი იყო. არ მახსოვს, თავის კოლეგაზე ან ვინმე ნაცნობზე გადაკრული სიტყვა ეთქვას. ამასთან, ადამიანის შეფასებისას ყოველთვის სწორი იყო, გამორციხული გახლდათ, კაცის ხასიათის გამოცნობა ვერ მოეხერხებინა. ძალიან ცოცხალი ადამიანი გახლდათ, ხალხთან ურთიერთობა უყვარდა. მისთვის უპირველესი მუსიკა იყო და მასთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს იცოცხლა, მისი გარდაცვალება მაინც მოულოდნელი იყო. ერთი დღეც კი არ ყოფილა ავად, არაფერი აწუხებდა, სურდოც კი იშვიათად ემართებოდა. მამა ოპერის თეატრის წინ დაასაფლავეს, თუმცა მისი დიდი სურვილი იყო, რომ დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაეკრძალათ. ბოლო პერიოდში სულ ამას იმეორებდა, ყველა ჩემი მეგობარი იქ არის და მეც იქ მინდა, ვიყოო. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი და ცოლი ვაკის სასაფლაოზე არიან დაკრძალული, მას მაინც დიდუბის პანთეონი უნდოდა.
მამაჩემის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ჯანსუღ კახიძემ საბერძნეთში წარმატებით ჩაატარა კონცერტები, რომელსაც მამაც დაესწრო. დასრულების შემდეგ, ჯანოსთვის უთქვამს, იცოდე, მინდა, დიდუბის პანთეონში დამასაფლავონ, მე რომ აქ გარდავიცვალო, მაინც იქ წამიყვანეთო. ჯანოს უთქვამს, მაესტრო, ოღონდ თქვენ ჯანმრთელად იყავით და თუკი ასეთი რამ მოხდება, მე თვითონ ჩამოგიყვანთ ათენიდან და პანთეონში დაგასაფლავებთო. ეს ამბავი თავად ჯანომ მომიყვა. ცხოვრება უცნაურია. ყველაფერი პირიქით მოხდა, ორ წელიწადში ჯანსუღ კახიძე გარდაიცვალა და მამის დანაპირების შესრულება ვერ შეძლო. ოდისეიმ თავისი მოწაფის დაკარგვა ძალიან განიცადა...

მოკლედ, 2005 წელს, როდესაც მამა ამქვეყნიდან წავიდა, დიდუბის პანთეონში ადგილები აღარ იყო (ამის მერე გახსნეს ახალი ტერიტორიები). ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ოპერის ეზოში დაესაფალავებინათ და ასე სცეს მის სახელს პატივი. მამა ზაქარია ფალიაშვილის, ზურაბ ანჯაფარიძისა და ვანო სარაჯიშვილის გვერდით განისვენებს.
თეონა კენჭიაშვილი, ჟურნალი სარკე
0

ავტორი: