12:39:46     11-11-2024
პაპუაშვილმა ევროპელ პარლამენტარებს შეხვედრაზე უარი უთხრა
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მან დელეგაციას უარის თქმის მიზეზი წერილობით განუმარტა , რომელსაც ის სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.
"არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა. თუმცა, ნამდვილად გამაკვირვა დელეგაციის ზოგიერთი წევრის განზრახვამ, შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკურ და საპარლამენტო ხელმძღვანელობას, მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულებისა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ ვუპასუხებ.
საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დელეგაციის ზოგიერთ წევრს სხვა მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა. აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დელეგაციის ზოგიერთი წევრი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით, რითაც მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას ცდილობდნენ.
საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს არჩევნებში უცხოურ ჩარევას, რაც უხეშად იყო უგულებელყოფილი. არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში, განსაკუთრებით კი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში უშუალო მონაწილეობით, ამ პოლიტიკოსებმა უხეშად დაარღვიეს ჩაურევლობის პრინციპი, რაც გაეროს წესდებით განმტკიცებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმაა, და ეჭვქვეშ დააყენეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის არსი, რომლისადმი პატივისცემას, როგორც ჩანს, მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ.
აღნიშნულმა ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაში, რამაც გააუარესა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების გარშემო დაძაბულობის აღქმა შექმნა.
თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ დელეგაციის ზოგიერთი წევრი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ასეთი იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ წარმოებული კამპანიაც, რომლის სიცრუეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა.
რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ასეთი ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის მხარდაჭერამ, საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯი შელახა, და ამასთან შეარყია ჩვენი მოსახლეობის ნდობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კეთილმოსურნეობის მიმართ.
ეს ქმედებები და არამეგობრული რიტორიკა ხელს უწყობს ევროკავშირის გაფართოების პროცესის იარაღად გამოყენების მცდელობას, რათა კიდევ უფრო წაახალისოს ოპოზიცია, შეარყიოს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და არჩევნების ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხაროს.“- წერს შალვა პაპუაშვილი.