15:28:19     22-11-2024
დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.
STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის შექმნას განათლების უფრო მეტი შესაძლებლობა დებატების, ინგლისური ენისა და STEM მიმართულებით.
საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადის სამივე მიმართულება გუნდურ შეჯიბრს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც თითო გუნდი თითო სკოლას წარადგენს. მოსწავლეები ოლიმპიადებზე საკუთარ ცოდნას ორ ეტაპად - პირველ ტურში თეორიული, ხოლო მეორე ტურში პრაქტიკული დავალებებით გამოცდიან.
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 8 დეკემბერს დასრულდება. დებატებისა და ინგლისურის ოლიმპიადებზე კი რეგისტრაცია გაზაფხულის სემესტრში გამოცხადდება.
STEM ოლიმპიადა
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თითო სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული.
STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება, პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. პირველი ტურის შედეგებზე დაყრდნობით კი გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომელიც მეორე ეტაპზე STEM პროექტებზე გუნდურად, ელექტრონული კომპონენტების (Arduino-ს ნაკრების) საშუალებით იმუშავებს.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
პროექტის ფარგლებში, ფინალში გადასული გუნდების მოსწავლეები და მენტორები 3 თვის განმავლობაში კონსულტაციებს გაივლიან კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით, STEM პროექტების შესრულების მიმართულებით.
ინფორმაციისთვის, ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა - მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა - მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ);
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
STEM აბრევიატურაა, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს აერთიანებს.
STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზებასა და მომავლის პროფესიების განვითარებას, რისთვისაც პროექტი უზრუნველყოფს STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებას სხვადასხვა პრიზებით და მონაწილე სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადამზადებას სფეროს ექსპერტების მიერ.