09:04:58     01-09-2012
„ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და...“
1715 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუდოვიკო XIV. იგი ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ...
ლუდოვიკო XIV ქართველებისათვის მის სიცოცხლეშიც ცნობილი იყო. ჩვენი დიდი მამულიშვილი სულხან-საბა ორბელიანი მასთან ელჩად იყო მივლინებული... ამიტომ, როცა ამ მეფის შესახებ რაიმე გვესმის, გვინდა არ გვინდა სულხან-საბას ელჩობა გვახსენდება ქართველებს. ეს მოვლენა აისახა ქართულ პოეზიაშიც. მუხრან მაჭავარიანმა დაწერა ლექსი „საბა“. გარდა ამისა, სულხან-საბას არა ერთმა პოეტმა თუ მწერალმა მიუძღვნა ბრწყინვალე სტრიქონები. მაგალითად გიორგი ლეონიძემ.
ლუდოვიკო მეთოთხმეტე თვთმპყრობელი მეფე გახლდათ, ძლიერი ხელმწიფე, ფუფუნებისა და გართობის მოყვარული, თუმცა სახელმწიფოზე მზრუნველი. მრავალრიცხოვანი ხალხის მეფობა გაცილებით ადვილია, უცხოელი მტრები ძნელად თუ მოგერევიან. ფრანგების ხელმწიფობა ძალიან განსხვავდებოდა ჩვენი მეფეების ბედისწერისგან. მათ არ ჰყავდათ ფსიქოპატი მეზობელი შაჰები და სულთნები, რომლებიც ადამიანთა წამებით ერთობოდნენ თავისქალებისაგან პირემიდებს აშენებდნენ.
საფრანგეთის ელჩობაც გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე გასაჭირში მყოფი ქართული სამეფოსი. საფრანგეთის ელჩს ბევრს ვერაფერს უბედავდნენ გვიანშუასაუკუნეებში. ქართველ ელჩებს კი ხშირად უამრავი ხიფათების გადატანა უხდებოდათ.
დღეს ელჩობა და დიპლომატობა პრესტიჟული და საპატიო თანამდებობაა, რომელიც კარგად ცხოვრების საშუალებასაც აძლევს ადამიანს. სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა კი, იმ არეულ და ველურ პერიოდში, უაღრესად რთული საქმე გახლდათ.
როგორც ვთქვით, სულხან-საბა ორბელიანი დიპლომატიურ დავალებას ასრულებდა, ვახტანგ VI-ის დავალებით გაემგზავრა ევროპაში პოლიტიკური დახმარების მისაღებად. ეახლა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა.
ჩვენმა დიდმა მწერალმა უამრავი განსაცდელი გამოიარა. უკვე ასაკიანს, უამრავი გაჭირვების, ძალმომრეობის, ძარცვისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუწია სანამ დაბრუნდებოდა სამშობლოში, თანაც გზაში გაცივდა... სამშობლოშიც ბევრი პრობლემა შეექმნა.
ეს ყველაფერი კარგადაა აღწერილი მის „მოგზაურობა ევროპაში“.
ლუი მეთოთხმეტე კი განცხრომაში ცხოვრობდა... რაში ედარდებოდა ევროპელ „მეფე-მზეს“ ქართლის გასაჭირი... ან რატომ გაუწევდა დახმარებას ჩვენს მეფეს?
გავიხსენოთ მუხრან მაჭავარიანისა და გიორგი ლეონიძის ზემოთ აღნიშნული ლექსები. მუხრანის ლექსს იმიტომ ვბეჭდავთ პირველ რიგში, რომ კონკრეტულად ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან სულხან-საბას ელჩობას ეხება.
მუხრან მაჭავარიანი
საბა
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა.
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
- ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! – თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას).
რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
– წვიმა არ არი!
საბას კაბა დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას აკანკალებს რა?!
– რამ დაასველა?!
– რამ გათეთრა?!
– რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..
მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულხან-საბავ თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში სტირის დედა, შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში შვილი დედას სტირის, – ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს).
– რამდენს აფასება მაგ პატარას? – ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! –
წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
– არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
– უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?..
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, –
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან.
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, – სასაცილოა!
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე კიდია.
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! –
გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება!
გიორგი ლეონიძე
სულხან-საბას
დიდო მოხუცო, სამშობლოსათვის
იბრძოდი სულის ამოხდომამდი:
გეჩვენებოდა, რომ საქართველო
იძირებოდა, თითქოს ხომალდი!
და როს ღრუბელი გულს გიბნელებდა,
სამშობლოს ცაზე გამოხლართული,
შენ სამკურნალო ბალახებივით
მოგიკრეფია სიტყვა ქართული, -
რომ იავარქმნილ სამშობლოს ნაშთად
სიტყვები მაინც გადაგერჩინა...
ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაც,
მშობლური სიტყვის მადლი გერჩივნა.
მე მიყვარს სიტკბო შენი სიბრძნისა,
შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი,
მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი,
შენის ხალხისთვის დღესაც მწეთ არი..
ახალნაშენი სამშობლოს შვილი,
შენს მხცოვან აჩრდილს ვეალერსები:
შენი ცრემლის რწყვით, შენის ამაგით,
გამოკვებულა ჩემი ფესვები...