• თბილისი
  • 30°C
  • 19 ივნისი, 2019
article

„ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს

„ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს. 

კაპანაძემ მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციის მხრიდან მოეწყო პროვოკაცია.

„პოლიციამ მოაწყო პროვოკაცია. 15 პოლიციელი მოვიდა, თქვეს, რომ ვითომ წინააღმდეგობა გავუწიე. თითქოს, შეურაცხყოფა მივაყენე. მე ჟურნალისტურ მოვალეობას ვასრულებდი. პოლიციის პიკაპები გადაადგილდებოდნენ ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით დატვირთული, გვაინტერესებდა, რატომ დადიან ქუჩაში ასე აღჭურვილი პოლიციის პიკაპები, რისთვის ემზადებოდა ხელისუფლება. ამის გაშუქების პროცესში ვიყავი, მოვიდა პოლიცია. როგორც ჩანს, გახარიამ მოინდომა, რომ უკვე გადავიდეს მედიაზე. კრიმინალმა გახარიამ გადაწყვიტა, რომ დაერიოს ჟურნალისტებს. გააჩეროს ჟურნალისტი, რომ არ ამოიღოს ხმა, რაც ხდება ზუგდიდში. მე ვიყავი გადამღებ ჯგუფთან, მახლდა ჟურნალისტი, ოპერატორი, ორი ადამიანი. მათ დაინახეს, რა ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება. ეს იყო სუფთა პროვოკაცია რუსულ სტილში და ცხადია, რუსეთის მოქალქე მენტალურად რუს გახარიას სხვანაირად ვერც წარმოედგინა, ალბათ და გადაწყვიტა ამ კუთხით ეძია შური ჟურნალისტებზე,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, კაპანაძე ცოტა ხნის წინ დააკავეს, თუმცა ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ფოთის იზოლატორი დატოვა. 

გიორგი კაპანაძე ზუგდიდის გზაზე პოლიციის ესკორტს იღებდა და სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. 

Itv-ის ჟურნალისტი, სუზი მკრტიჩიანი დაკავების მომენტში გიორგი კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ორი პიკაპი შენიშნეს გზაზე, მანქანასთან მიახლოების შემდეგ კი შიგნით მჯდომებმა მათ კითხვებს არ უპასუხეს.


თეგები :