დაუგეგმავი რეზერვი და დაბნეული რეზერვისტები დაუგეგმავი რეზერვი და დაბნეული რეზერვისტები />


  14:09:42     05-10-2010

დაუგეგმავი რეზერვი და დაბნეული რეზერვისტები

[თეონა აქუბარდია, სამხედრო ანალიტიკური ჯგუფიჰერი“]

2 ოქტომბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია რეზერვისტების სარეზერვო  სამსახურში გაწვევის თაობაზე. როგორც ეს სააგენტო იუწყებოდა „კახეთის რეგიონში რეზერვისტები და ჯარგამოვლილი პირები სავალდებულო სამხედრო შეკრებაზე გამოიძახეს”.

შესაბამისი უწყება რეზერვისტებმა მუნიციპალიტეტების გამგეობების სამხედრო განყოფილებებიდან გუშინ მიიღეს. უწყებაში აღნიშნულია, რომ შეკრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოძახებულ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსმა ზურაბ ანანეიშვილმა განუცხადა, გამოძახება თავდაცვის სამინისტროდან მიღებული სიების მიხედვით მოხდა.

„45 დღიანი სარეზერვო გადამზადებაა და მასში მონაწილეობა კახეთის ყველა რაიონში მცხოვრებმა რეზერვისტმა და ჯარგამოვლილმა პირმა უნდა მიიღოს. გადამზადება 3 ოქტომბერს დაიწყება და თელავში, ლეგიონის ბაზაზე მოხდება. მას, ვინც გამოძახებულია და შეკრებაზე არ გამოცხადდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება კანონით დადგენილი წესით“, - აღნიშნა ზურაბ ანანეიშვილმა.

მისივე თქმით, საგანგაშო არაფერია. რეზერვისტებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი პირების მოულოდნელ გადამზადებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს.

რამდენადაც ცნობილია სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედება ფაქტობრივად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შეჩერებული იყო. ამის მიზეზი რეზერვის არსებული სისტემის არაფექტიანობა გახლდათ.  მიუხედავად ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის ზურა არსოშვილის ორწლიანი მცდელობისა, შეცვლილიყო რეზერვის სისტემა, რაც ეროვნული გვარდიის ახალ  ხედვაშიც იყო ასახული, იგი არსობრივად უშედეგო აღმოჩნდა.

 

2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა 2006 წლის სამხედრო სარეზერვო სამასახურის კანონში ცვილილებებისა და დამატებების შეტანის ინიციატივას, რაც გამოიხატებოდა არსებულ კანონში 6-ე მუხლის ცვლილებით. ცვლილებების მიხედვით რეზერვში ჩარიცხული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურს 18 დღის ნაცვლად წელიწადში 45 დღე გაივლიდა. რამდენადაც ცნობილია ამ კანონში ცვლილებას პარლამენტში წარსადგენად თან არ მოჰყოლია არც ეროვნული  გვარდიის ახალი ხედვა  და არც რეზერვის მომზადების ახალი პროგრამა, რის მიხედვითაც ჩატარდებოდა 45 დღეზე გაწერილი სასწავლო შეკრება.

 

ეროვნულ გვარდიას ამდღემდე არ ჰყავს ახალი სარდალი,  რაზეც არაერთხელ აღუნიშნავთ სამხედრო ექსპერტებს რომ ეს ფაქტი კანონდარღვევაა, თუმცა თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ახალ კანონდარღვევაზე და უკვე ამჯერად თავდაცვის მინისტრის მხრიდან. კანონის „სამხედრო სარეზერვო სამასახურის შესახებ” ნათლადაა განმარტებული რეზერვისტების გაწვევის პროცედურა.

 

კანონის 4-ე მუხლის 2 პუნქტში ნათქვამია: „პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოიძახებს და შემკრებ პუნქტში მიიყვანს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე“.

 

რამდენადაც ცნობილია რეზერვისტების შეკრება განხორციელდა 3 ოქტომბერს. მიუხედავად ჩემი მცდელობისა მეპოვნა თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება სამხედრო სარეზერვო სამსახურში  გავწვევის თაობაზე, ასეთი ბრძანება პროგრამა კოდექსში, სადაც მოიძებნება ყოველკვირეულად განახლებადი ყველა იურიდული ძალის მქონე აქტი და რომელიც 3 ოქტომბერსაა ბოლოს განახლებული, შესაბამისი ბრძანება არ მოიპოვება, რაც მაძლევს იმის საფუძველს რომ განვაცხადო რომ სარეზერვო გაწვევა მოხდა თავდაცვის მინისტრის ბრძანების გარეშე, სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე.

 

ამასთან ერთად რიგ რეზერვისტებს ოფიციალური უწყების გაგზავნის გარეშე სატელეფონო ზარების მეშვეობით ეპატიჟებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებები და თანაც ტელეფონით განუმარტავდნენ, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათზე გავრცელდებოდა კანონით გათვალისწინებული სანქციები, რაც გულისმობს პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.  პირად საუბრებში გაწვეული რეზერვისტები აცხადებენ რომ მათ გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა არათუ მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა ვადით მოუხდებოდათ მათ სარეზერვო შეკრების გავლა, არამედ გაწვევის დღესაც კი არ იყო გარკვეული, თუ სად უნდა გაეარათ მათ ეს შეკრება ტერიტორიულად.

 

არავინ არ დაობს დღეს სარეზერვო სისტემის აუცილებლობაზე, თუმცა ომის შემდგომ თავდაცვის სამინისტროში ამ მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებს რელაური შედეგები არ მოუტანია. ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული თუნდაც ქაღალდზე გაწერილი ახალი სარეზერვო სისტემა, რაც ბოლო მოვლენებითაც დასტურდება.

 

ვფიქრობ თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო დროულად გაეფრთხილებინა მოსახლეობა ახალი სამხედრო სარეზერვო გაწვევის შესახებ, რათა ამ აქციას არ გამოეწვია უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა და ჭორი საზოგადოებაში, რომელიც ისედაც დათრგუნულია რუსული ოკუპაციური ძალების უკანონო მოქმედებებით საქართველოს ტერიტორიაზე.

0

ავტორი: