15:05:05     15-09-2011
ხუროთმოძღვარი და ღვრთაება
იმჰოტეპი – ჩვ. წ.-მდე XXVIII საუკუნის ეგვიპტელი ხუროთმოძღვარია. მან შექმნა ფარაონ ჯოსერის სამარხის კომპლექსი, რომელიც აღმართულია საკარაში — ძველი მემფისის ისტორიულ ნეკროპოლში. იყო წარჩინებული მოხელე — ყველა სამშენებლო სამუშაოს ხელმძღვანელი და ჯოსერის სამეფო კარის არქიტექტორი.
იმჰოტეპს ეკუთვნის საკარაში საფეხუროვანი პირამიდის მშენებლობის იდეა. მანვე შეადგინა პროექტი და მშენებლობასაც თავად ხელმძღვანელობდა (ჩვ. წ.-მდე 2630 წ.). აკლდამის გარშემო განლაგებული იყო 10 მ სიმაღლის გალავნით შემოზღუდული სასაფლაოებისა და ტაძრების მთელი კომპლექსი, სადაც დაკრძალვის ცერემონიალები ტარდებოდა.
იმჰოტეპი დოკუმენტებში იხსენიება, როგორც განთქმული ბრძენი, სწავლული, ასტრონომი და გამოჩენილი მედიკოსი, რომელსაც ბერძნების მკურნალობის ღვთაება ასკლეპიოსთან აიგივებდნენ. ხუროთმოძღვარს, ინჟინერს, მწერალს, კანცელარისტს - ნიჭიერებამ და წარმატებებმა თანამემამულეებს შორის დიდება მოუხვეჭა: იგი მცირე ღვთაებათა რანგში აიყვანეს და მის პატივსაცემად გარდაცვალებიდან ასწლეულების შემდეგაც ტაძრებს აგებდნენ.
0