Carl Gustav - მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი Carl Gustav - მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი />


  12:40:51     15-09-2011

Carl Gustav - მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი

„კარლ გუსტავი“ არის ცნობილი სახელი 84 მილიმეტრიანი, პორტაბელლური, მრავალჯერადი ყუმბარსატყორცნისა, რომელიც იწარმოება შვედური კომპანიის - Saab Bofors Dynamics-ის მიერ. იარაღს სახელი შვედეთის მეფის საპატივცემულოდ ეწოდა. ყუმბარსატყორცნის პირველი პროტოტიპის ჯერ კიდევ 1946 წელს შეიქმნა. მის შექმნაზე უდიდესი გავლენა მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა ყუმბარსატყორცნებმა: გერმანულმა Panzerschreck-მა და ამერიკულმა „ბაზუკამ“ იქონია, რომლებმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომში, განსაკუთრებით კი გერმანულმა. მიუხედავად იმისა, რომ „კარლ გუსტავი“ უკვე თითქმის სამოცდახუთი წლისაა ის მაინც რჩება რამდენიმე ათეული ქვეყნის არმიათა შეიარაღებაში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით მისი დროის სხვა ყუმბარსატყორცნები უკვე დიდი ხანია ამოღებულნი არიან შეიარაღებიდან.

„კარლ გუსტავი“ ჰუგო აბრამსონისა და ჰორალდ იენცენის მიერ შემუშავდა შედეთის სამეფოს არმიის ადმინისტრაციასთან ერთად, ხოლო წარმოებით Carl Gustav Stads Gevärsfaktori-ის მიერ იწარმოებოდა. აქედანვე წარმოსდგა მისი სახელწოდებაც. ყუმბარსატყორცნი შვედეთის არმიის შეიარაღებაში პირველად 1948 წელს გამოჩნდა, როგორც 8,4 cm Granatgevär m/48(Grg m/48). იარაღის მთავარი დანიშნულება ტანკების წინააღმდეგ ბრძოლა იყო, ისევე როგორც ამერიკული Bazooka-ს, ბრიტანული PIAT-ისა და გერმანული Panzerschreck-ის. თუმცა ამ იარაღებისაგან განსხვავებით „კარლ გუსტავის“ ლულის შიდა ზედაპირი შაშხანისებურად არის დახრახნილი, რაც იარაღიდან გასროლილ ყუმბარას სტაბილურობას ანიჭებს, ხოლო სხვა ყუმბარსატყორცნებში ყუმბარის სტაბილიზიების ფუნქციას მისი მასტაბილიზირებელი ფრთები ასრულებს.

ყუმბარსატყორცნ „კარლ გუსტავიდან“ გასროლილი ყუმბარის სიჩქარე 290 მ/წმ-ს შეადგენს და ამ მახასიათებლით მნიშვნელოვნად აღემატებოდა თავის თანამედროვე სხვა ყუმბარსატყორცნებს, გერმანულ Panzerschreck-ს, ამერიკულ Bazooka-სა თუ ბრიტანულ PIAT-ს, რომელთაგანაც პირველი ორიდან გასროლილი ყუმბარის სიჩქარე 105 მ/წმ, ხოლო PIAT-იდან 135 მ/წმ-ს შედგენდა. მაღალი სიჩქარე ყუმბარას გაცილებით მეტ სიზუსტეს ანიჭებს შორ მანძილზე. „კარლ გუსტავით“ შესაძლებელია დააზიანო მოზრდილი ზომის სტაციონარული სამიზნე 700 მეტრის სიშორეზეც კი, ხოლო მოძრავი სამიზნეების შემთხვევაში სროლის ეფექტურ მანძილად 400 მეტრი ან უფრო ნაკლები მიიჩნევა.

„კარლ გუსტავმა“ სწრაფად მიპოვა პოპულარობა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მალე ის დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნად იქცა. ყუმბარსატყორცნის გაუმჯობესებული ვერსია - Carl Gustav M2 1964 წლიდან გამოჩნდა და სწრაფად ჩაანაცვლა წინა მოდელი.

ყუმბარსატყორცნს უკანაკნელი მოდერნიზაცია 1991 წელს ჩაუტარდა, რის შედეგადაც „კარლ გუსტავის“ ბოლო, M3 ვერსია შეიქმნა. იარაღის ადრინდელ მოდელებს საკმაოდ დიდი წონა ჰქონდათ, ისინი დაახლოებით 16.3 კილოგრამს იწონიდნენ. წონის შემცირების მზნით M3 მოდელში ყუმბარსატყორცნის რკინის მილი კომპოზიციური მასალებისაგან დამზადებულმა მილმა ჩაანაცვლა, ასევე შეიცვალა იარაღის გარეთა ფოლადისაგან დამზადებული დეტალებიც და ისინი ალუმინისაგან დამზადებული დეტალებით შეიცვალა, ყოველივე ამან წონა მნიშვნელოვნად, 10 კილოგრამამდე შეიამცირა.

ყუმბარსატყორცნის საბაზისო ვერსია ძირითადი გამშვები მილისაგან, საქშენისაგან და ორი სახელურისაგან შედგება, რომელთაგანაც ერთ-ერთთან სასხლეტია დამონტაჟებული, ხოლო მეორე ხელში იარაღის სტაბილურ ჭერას უზრუნველყოფს. იარაღზე დამონტაჟებულია ღია ტიპის რკინის სამიზნეები, თუმცა მასზე ასევე შესაძლებელია 3x გადიდების მქონე ოპტიკური სამიზნის დაყენებაც.

„კარლ გუსტავიდან“ გასროლის განხორციელება შესაძლებელია, როგორც მდგომარე, ისე მწოლიარე, დაჩოქილი ან დამჯდარი პოზიციიდან. ყუმბარატყორცნის გათვლაში ჩვეულებრივ ორი კაცი შედის, რომელთაგანაც ერთ-ერთი თავად ყუმბარსატყორცნს, ხოლო მეორე ამუნიციას ატარებს, ასევე ის უზრუნველყოფს იარაღის დატენვასაც.

„კარლ გუსტავში“ უნიტარული ჭურვი უკანა მხრიდან იდება. მის დასატენად გამშვები მილის უკან მდებარე საქშენის გვერდით მოტრიალებაა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ყუმბარსატყორცნში ყუმბარის მოთავსება. მისი ასეთი დიზაინი გარკვეულ შეზღუდვებსა და სირთულეებს ქმნის, მაგალითად მას აუცილებლად ესაჭიროება ორკაციანი გათვლა და ასევე შეუძლებელია ზეკალიბრის ჭურვების გამოყენებაც, ისეთის, როგორიც, მაგალითდ ლეგენდარულ საბჭოთა წარმოების მრავალჯერად ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნ РПГ-7-ში გამოიყენება.

ყუმბარსატყორცნის ამუნიციის გაუმჯობესება-ახლის შექმნა ახლაც მიმდინარეობს. იარაღის მოძველებული კუმულაციური ყუმბარები უკვე არღარ არიან ეფექტურნი აქტიური და პასიური დაცვის სისტემებით აღჭურვილი თანამედროვე ძირითადი საბრძოლო ტანკების წინააღმდეგ. „კარლ გუსტავი“ გასროლების ფართო არჩევანით გამოირჩევა, მის გასროლაში შედის: კუმულაციური, მსხვრევად-ფუგაური, მანათობელი, საკვამლავი, შრაპნელიანი, ცეცხლგამჩენი და სხვა ტიპის ჭურვები.

Army.ge

0

ავტორი: