12:32:42     04-09-2023
საქართველოს ბანკმა Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეცხრე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.
„ჩვენს სანდო პარტნიორთან - Citi-სთან გაფორმებული შეთანხმება დიდ როლს თამაშობს კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციებში. ჩვენ Citi-სთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს სავაჭრო დაფინანსების მიმართულებით. აღნიშნული ხელშეკრულება კი CARTA-ს ფარგლებში გაფორმებული მეცხრე შეთანხმებაა, რომელიც გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას და შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები და შევქმნათ მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად მორგებული ფინანსური შესაძლებლობები ვაჭრობის დაფინანსების კუთხით. მსურს, მადლობა გადავუხადო Citi-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
„ჩვენ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან - საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Citi-ს მხრიდან არა მხოლოდ მომხმარებლების ბიზნეს საქმიანობისა და ზრდის ამბიციების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ ურყევ და გრძელვადიან მხარდაჭერას“, - აღნიშნავს ემრე უმუთი, Citi-ს ფინანსური ინტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.