14:10:12     26-07-2023
კახეთში, სოფელ ნუკრიანში 550,000 დოლარის ინვესტიციით „ჯიქეი ვაინერის მარანი“ გაიხსნა - პარტნიორი საქართველოს ბანკია
საქარველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „ჯიქეი ვაინერის“ პარტნიორობით, კახეთში, სოფელ ნუკრიანში „ჯიქეი ვაინერის მარანი“ გაიხსნა. მარნის ფართობი 632 კვ.მ-ია. - მარნის ჯამური ინვესტიცია კი 550,000 დოლარს შეადგენს. აქედან საქართველოს ბანკის ინვესტიცია (აწარმოე საქართველოს ფარგლებში) - 230,000 დოლარია, ხოლო „ჯიქეი ვაინერის“ ინვესტიცია კი - 320,000 დოლარი.
„ჯიქეი ვაინერის“ მარანში განთავსებულ 46 ქვევრში და უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში კლასიკური ტექნოლოგიით იწარმოება 6 სახეობის მშრალი ღვინო. აქცენტი გამახვილებულია ენდემური, კახური ჯიშის ღვინოებზე. ისეთებზე როგორებიცაა: რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, ქისი და საფერავი. ამ ჯიშებიდან კომპანია აწარმოებს თეთრ, ქარვისფერ, ვარდისფერ და წითელ მშრალ ღვინოებს.
„კომპანია „ჯიქეი ვაინერის“ მფლობელობაშია მარანი და რესტორანი „დერგი“, რომლის ფართობი 2,602 კვ.მ-ია. რესტორანში მოწყობილ სადეგუსტაციო მარანში ხშირად უცხოელებისთვის ვმასპინძლობთ სხვადასხვა ღვინის ტურებს, სადაც ისინი ეცნობიან როგორც ქართული ღვინის, ასევე ჩვენს რესტორანში დამზადებულ კახური ტრადიციული კერძების მრავალფეროვნებას. აღსანიშნავია, რომ „ჯიქეი ვაინერის ქისი“ და „საფერავი“ ქართული ღვინის ექსპო 2023-ზე დაჯილდოვდა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით. წელს, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ლონდონში და სეულში გამართულ საერთაშორისო ღვინის გამოფენებზეც. ამ ეტაპზე ღვინოს რეალიზაციას ვუწევთ საქართველოს ბაზარზე, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და სამომავლოდ იგეგმება ევროპის და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზე გასვლა. მომდევნო წლებში ვგეგმავთ ყურძნის ჯიშების ასორტიმენტის გაზრდას. გვექნება კახური მწვანე, ხიხვი, მცვივანი კახური, სიმონასეული და ა.შ. ამჟამად კი კომპანია აწარმოებს მხოლოდ მშრალ ღვინოებს, მომავალი წლის რთველზე უკვე იგეგმება ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოების წარმოებაც. ვინაიდან, დიდია დაინტერესება მაღალ ალკოჰოლურ სასმელებზე „ჯიქეი ვაინერი“ იწყებს როგორც ბრენდის, ასევე ჭაჭის წარმოებასაც“, - განაცხადა „ჯიქეი ვაინერის“ დირექტორმა, ეკა რუხაძემ.
„მოხარული ვართ, რომ წვლილი შევიტანეთ უკვე წარმატებული ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში. კომპანიას და ბიზნესს აქვს საინტერესო ისტორია, რომელიც მას უნიკალურს ხდის. კერძოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისში, სამმა ძმამ (ლევან, ივანე და დავით მჭედლიშვილებმა) დაიწყეს ღვინის მასობრივი წარმოება და ქვეყნის გარეთ ექსპორტზე გატანა. მას შემდეგ მათი შთამომავლები მუდმივად მისდევდნენ აგრონომიას და მევენახეობა-მეღვინეობას. 2021 წელს ძმები მჭედლიშვილების შთამომავალმა (მეოთხე თაობა) ეკა რუხაძემ კი დააარსა კომპანია „ჯიქეი ვაინერი“ და დაიწყო ადგილობრივი, ენდემური კახური ყურძნის ჯიშებისგან ქართული ტრადიციული ღვინის წარმოება. კომპანია მუდმივად ცდილობს შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, როგორც მარანში ასევე რესტორან „დერგში“ - მოიზიდოს, შეასწავლოს და დაასაქმოს ახალგაზრდა კადრები. ამის შედეგია ის, რომ დასაქმებულთა 90% ადგილობრივია. აღსანიშნავია, რომ „ჯიქეი ვაინერი“, ფოკუსირებულია იშვიათი, ქართული ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენებაზე და გეგმავს ყოველწლიურად განაახლოს პორტფოლიო. კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის ღვინის წარმოების გაფართოება, ასორტიმენტის გაზრდა და საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა საექსპორტო მიზნებით“,- განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის, კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.