14:59:51     22-03-2023
გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა
82 წლის გიორგი ცქვიტარიამ, რომელიც 12 წლის წინ საცხოვრებლად თავის მშობლიურ სოფელს, ხანწკს დაუბრუნდა, ამავე სოფელში თიბისის მხარდაჭერით თხილის გადამამუშავებული მცირე საწარმო გამართა, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმა და თანასოფლელებისგან თხილის შესყიდვა-რეალიზაცია დაიწყო.
„მშობლიურ სოფელში, მამაპაპისეულ სახლში დაბრუნებისთანავე დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ჩემი სოფლის საკეთილდღეოდ და მოსახლეობის პრობლემების შესამსუბუქებლად. ხანწკში და მის მიმდებარედ თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავს თხილი. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, სოფლის ტერიტორიაზე დამეარსებინა თხილის გადამამუშავებელი საწარმო და დავხმარებოდი მოსახლეობას მოსავლის გადამუშავება-რეალიზაციაში.
მანამდე მათ აღებული მოსავლის სარეალიზაციოდ დიდი გზის გავლა და ბევრი პრობლემის გადაჭრა უწევდათ. ადგილზე საწარმოს დაარსებით კი მე შევძლებდი ამ პრობლემების მოგვარებას და, ამასთანავე, შევქმნიდი სამუშაო ადგილებს ადგილობრივებისთვის.
2011 წელს დავწერე ბიზნესგეგმა და მისი განხორციელების მიზნით მივმართე თიბისის. მისი კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებითა და ბანკისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით სოფელ ხანწკში გავმართეთ და საჭირო დანადგარებით აღვჭურვეთ მცირე ქარხანა, რომელიც 600 კვ.მ -ზეა განთავსებული.
თუ მანამდე მოსახლეობას დიდი რაოდენობით თხილის ჩასაბარებლად 20-30 კილომეტრის გავლა უწევდა, რაც, ცხადია, გარკვეულ ხარჯთან იყო დაკავშირებული, საწარმოს დაარსების შემდეგ მათ ეს პრობლემა მოეხსნათ. ახლა თხილი ან თავად მოაქვთ ჩვენამდე, ან თავად მივდივართ მათთან და ვეხმარებით პროდუქტის ტრანსპორტირებაში. მთავარი ამ საქმეში სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას ერთი პრობლემა გადავუჭერით. ამასთანავე, ქარხანაში დასაქმდა 22 -ამდე ადგილობრივი, რომელთა ხელფასიც 500-600 ლარია.
საწარმოში თხილის მოტანის შემდეგ, ხდება მისი სპეციალური დანადგარებით დამუშავება, გაშრობა, დახარისხება და სარეალიზაციოდ გამზადება. ჩვენი მინისაწარმო წელიწადში 250 ტომანდე თხილს გადაამუშავებს. გადამუშავებული თხილის რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება. ნედლეულის დიდ ნაწილს, როგორც აღვნიშნე, ადგილობრივებისგან ვყიდულობთ, გარკვეული რაოდენობა კი კახეთიდან მოგვაქვს, რადგან იქაური თხილი ცოტა გვიან იწყებს შემოსვლას და ხარისხობრივადაც განსხვავდება მეგრულისგან.
მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიე - ჩემი მცირე წვლილი შევიტანე მშობლიური სოფლის განვითარების საქმეში. ეს ძალიან მაბედნიერებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამით არ უნდა დავკმაყოფილდე. ამიტომ მომავალ წელს ვგეგმავ საწარმოს გაფართოებას, რეალიზაციის 3-4-ჯერ გაზრდას და თხილის ექსპორტზე გატანას.
82 წლის ვარ და შვილები და შვილიშვილები მეუბნებიან, რომ დროა, დავისვენო. მე კი ვპასუხობ, რომ ჩემთვის დასვენება მუდმივი მოძრაობა, საქმე და ადამიანების დახმარებაა.“