23:01:14     14-04-2020
The Washington Post: ცნობილი ხდება საიდუმლო კვლევის შესახებ უხანის ლაბორატორიაში, რომელიც ღამურებზე ტარდებოდა
2018 წლის იანვარში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ამერიკელი მეცნიერ-თანამშრომლების ჯგუფი გაგზავნა. ეს ინსტიტუტი 2015 წელს პირველი ლაბორატორია გახდა ჩინეთში, რომელმაც ბიოლოგიური უსაფრთხოების დარგში უმაღლეს დონეს მიაღწია, - წერს The Washington Post-ი.
"ის, რაც ამერიკელმა დიპლომატებმა თავიანთი ვიზიტის დროს შეიტყვეს, ისინი ძალიან შეაშფოთა და ვაშინგტონს ორი დიპლომატიური გზავნილი მისწერეს," - წერს გამოცემა.
გზავნილებიდან ერთ-ერთში, რომელიც გამოცემას ხელში ჩაუვარდა, საუბარია უსაფრთხოების იმ პრობლემებზე, რომელიც არაკვალიფიციური პერსონალის ხელში არსებობდა. მასში ასევე აღნიშნულია, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი იკვლევდა ღამურებს და მათგან ვირუსის პოტენციურ გადაცემას ადამიანებზე. ამერიკელი მეცნიერები ამან ძალიან შეაშფოთა.
The Washington Post-ის ინფორმაციითვე, ამ დროისათვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება COVID-19-ის ხელოვნური წარმომავლობის შესახებ . ჯერჯერობით ცნობილია, რომ კორონავირუსით ადამიანი ცხოველისგან დაინფიცირდა.
ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი სიაო ციანი, რომლის კომენტარიც გამოცემას მოჰყავს, ეჭვობს, რომ ვირუსი შესაძლოა სწორედ ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა. "გზავნილში საუბარია, რომ უკვე დიდი ხანია არსებობს საშიშროება, რომ ამ ლაბორატორიის კვლევების გამო წარმოიქმნას პრობლემა, რომელმაც საზოგადოების ჯანმრთელობას შეიძლება შეუქმნას საფრთხე, თუ დაცვის სათანადო ზომები არ იქნება მიღებული," - ამბობს მეცნიერი.
გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ხელოვნური წარმომავლობის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გზავნილმა დიდი დისკუსია გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების შიდა წრეებში.
14 აპრილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით მსოფლიოში თითქმის 2 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული. მათგან 464 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
0