02:05:40     25-03-2020
ჰანტავირუსი - ჩინეთში კიდევ ერთი საშიში ვირუსის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
The New York Post-ს ცნობით, ჩინეთში კიდევ ერთი ვირუსის, სახელწოდებით "ჰანტავირუსის" შემთხვევა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იუნანის პროვინციაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. მას ჰანტავირუსი დაუდგინდა. ტესტირება ჩაუტარდა სხვა 32 მგზავრსაც.
შემთხვევას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მეცნიერებმა განმარტეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს იშვიათად გადაეცემა.
ჰანტავირუსი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის პრობლემები. ვირუსი პირველად 1950 წელს, ამერიკულ-კორეული ომის დროს დააფიქსირეს. მისი მთავარი გამავრცელებლები ვირთხები იყვნენ. განსაკუთრებით საშიშია ე.წ. ირმის თაგვი.
იმის გამო, რომ მკურნალობის მეთოდები შეზღუდულია, საუკეთესო თავდაცვა ჰანტავირუსული ფილტვისმიერი სინდრომისგან არის მღრნელებისა და მათი გავრცელების ადგილებისგან თავის არიდება.
მიუხედავად მეცნიერების დამაიმედებელი განცხადებისა, სოციალურ ქსელებში მაინც გაჩნდა ეჭვი, რომ ვირუსი შეიძლება სახიფათო იყოს, რადგან კორონავირუსიც არსებობდა, თუმცა, მან მუტაცია განიცადა და განსხვავებული, აგრესიული ფორმით მოგვევლინა.
0