14:09:39     20-11-2019
პარლამენტში შესაძლოა, ორი ახალი ფრაქცია შეიქმნას
საქართველოს პარლამენტში შესაძლოა, ორი ახალი ფრაქცია შეიქმნას. ფრაქციების შექმნას თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური ცალ-ცალკე აპირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ზვიად ძიძიგური კონსულტაციებს უმრავლესობაში მყოფ დეპუტატებთანაც მართავს.
თამარ ჩუგოშვილი კი, ფრაქციის შექმნას იმ დეპუტატებთან ერთად აპირებს, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები გასულ კვირაში პროტესტის ნიშნად დატოვეს.
რეგლამენტით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო.
გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასავლასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტის კენჭისყრაზე ჩაგდება გახდა. ამ დეპუტატებს შორის არიან თამარ ჩუგოშვილი, რომელიც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო და ზვიად ძიძიგური, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა.
საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე ბიუროს გუშინ ოფიციალურად მიმართეს.
0