12:15:33     23-10-2019
ივანიშვილის კლანი და შსს-ს მაღალჩინოსნები, რომლებიც შესაძლოა სასტიკი მკვლელობის მონაწილეებს აფარებენ ხელს - „ღორივით მოგკლავ“
მკვლელობა, რომელიც შევარდნაძის კრიმინალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც კი გაუკვირდათ. ახალი დეტალები და დანაშაულის შესაძლო მონაწილის კავშირები შსს-ს პოლიციის მაღალჩინოსნებთან და ბიძინა ივანიშვილის კლანთან.
რა მოხდა რუსთავში და ვინ მფარველობს მკვლელობის შესაძლო დამკვეთს?
საქმის მასალები
[I=2]გამოძიების მიხედვით, ზურაბ დადეშელის მკვლელობა, რომელსაც პირადი უსაფრთხოების გამო სახელი და გვარი შეცვლილი ჰქონდა და დავით მუმლაძის პირადობით სარგებლობდა, მისივე მეგობრებმა დაგეგმეს, მანქანაში მოტყუებით ჩასვეს და მოქმედ პოლიციელებს მიუყვანეს.
პოლიციელებმა დადეშელი რუსთავში წაიყვანეს და კრიმინალებს გადასცეს, რომლებმაც ის სასტიკად მოკლეს, ათეულობით ჭრილობა მიაყენეს და მტკვარში გადააგდეს.
დადეშელის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს. გამოძიებამ დააკავა მოქმედი პოლიციელები და აღიარა რომ ისინი დადეშელის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ, ანგარებით, რის სანაცვლოდაც ფული აიღეს.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: გომელაურის უწყების მოქმედმა პოლიციელებმა, ფულის სანაცვლოდ, გაიტაცეს ადამიანი და კრიმინალებს მოაკვლევინეს.
ამ უსასტიკეს დანაშაულში პოლიციელების მონაწილეობის ხარისხი ალბათ სოსო ალავიძის დროინდელ პოლიციელებსაც კი გაუკვირდებოდათ.
ამონარიდები ოფიციალური მასალებიდან: „გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა 37 წლის გიორგი ასათიანმა (იგივე გიორგი შონიამ) და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზურაბ ჯღარკავამ, (იგივე ზურაბ ბარბაქაძემ) წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურაბ დადეშელის მკვლელობა დაგეგმეს.
[I=3]მსხვერპლის ქალაქიდან გაყვანაში მათ პოლიციელები დაეხმარნენ, დავით მიროტაძე, რომლის დის ქმარიცაა ბარბაქაძე და მისი მეგობრები: გიორგი ღუბიანური და ყოფილი პოლიციელი დიტო დუღაშვილი.
სახლიდან მხვერპლი მეგობარმა დავით ოქრუაშვილმა, იგივე გიორგი გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა და პოლიციელებს ჩაუგდო ხელში, პოლიციელებმა კი ისინი შონიას და ბარბაქაძეს გადასცეს. სწორედ ამ ორმა ადამიანმა მიაყენა დანით 30 ჭრილობა მოკლულს“
ახალი გარემოება
საქმის გახმაურების შემდეგ, გამოძიებამ როგორც ოფიციალური ციტატიდან ჩანს, ორი მოქმედი პოლიციელი დააკავა და განაცხადა რომ დადეშელის მკვლელობა კრიმინალური ავტორიტეტების მიერ იყო დაკვეთილი.
თუმცა, მოგვიანებით საქმეში კიდევ ერთი პირი - ბიზნესმენი და ივანიშვილის კლანთან დაახლოვებული ლევან ღონღაძე ამოტივტივდა.
მთავარმა არხმა ექსკლუზიურად გაარკვია რომ ლევან ღონღაძეს დადეშელის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე კონფლიქტი ჰქონდა გარდაცვლილთან.
მთავარმა არხმა, მოკლულის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რომ ლევან ღონღაძე, დადეშელს, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მუქარის შემცველ სმს-ებს უგზავნიდა და მოკვლით ემუქრებოდა.
"ღონღაძე დადეშელს წერს, რომ ღორივით მოკლავს, იცის მისი საცხოვრებელი და ყველაფერს გააკეთებს მისი ლიკვიდაციისთვის" ...
ასეთი გარემოებების მიუხედავად, გამოძიებამ ლევან ღონღაძე არც კი დაკითხა.
მეტიც, მასთან ამ მომენტამდე არანაირი ეჭვი არ აქვთ პროკურორებს.
კიდევ უფრო მეტი: ლევან ღონღაძე თავს მშვიდად გრძნობს და თავის მშობლიურ სოფელში ისვენებს - საჩხერის რაიონში.
ვინ არის ლევან ღონღაძე?
[I=4]ბიზნესმენი ლევან ღონღაძე წარმოშობით საჩხერიდან არის, იქიდან საიდანაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახური კლანის წევრთა დიდი ნაწილი.
კერძოდ: ღონღაძეები საჩხერის რაიონის სოფელ სავანედან არიან. ამ სოფლის მკვიდრია ივანიშვილის ოჯახური კლანის წევრი, ოლიგარქის დიშვილის პირადი კადრი, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ქველაძე.
ზვიად ქველაზე შსს-ში ივანიშვილის კლანის თვალი და ყურია. მას ვერც ერთი მინისტრი ვერ შეეხო და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წლებია უკვე ამ თანამდებობაზეა.
შსს-ში, დაცვის პოლიცია ფულის საჭრელი დაზგაა. ასევე ზღვა ინფორმაციის მიღების წყარო.
სწორედ ამისათვის არის იქ საჭირო ზვიად ქველაძე, რომელიც ივანიშვილის კლანის, კონკრეტულად კი, მისი დიშვილის, შმაგი კობახიძის დავალებებს ასრულებს წლებია...
ის ფორმალურად არის მოადგილე, რეალურად კი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსია - დეფაქტო.
ცხადია, გამოძიების დასადგენია, რა კავშირები აქვთ ზვიად ქველაძესა და ლევან ღონღაძეს ერთმანეთთან.
ასევე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას: მფარველობს თუ არა, შსს-ს პოლიციის მაღალჩინოსანი და ივანიშვილის ოჯახური კლანის წევრი პოლიციელების მონაწილეობით სასტიკად მოკლული დადეშელის საქმის შესაძლო ფიგურანტებს.
თუმცა, ახალი გარემოება, რომელიც პრესა.ჯიმ გაარკვია, ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანი სიახლეა იმ ფონზე, როდესაც მოკლულის ოჯახის წევრებმა ჯერ კიდევ არ იციან ბოლომდე: რატომ გაიმეტეს პროკურატურის მიერ მოწმეთა დაცვის პროგრამაში მყოფი დადეშელი და ვინ მფარველობს სასტიკი მკვლელობის საქმის შესაძლო მონაწილეებს.
0