21:05:52     11-10-2019
ვინ არის 30 წლის ქალი, რომელიც ხაშურში ყოფილმა ქმარმა მოკლა?
ხაშურის საავადმყოფოში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი 30 წლის ნათია გოგალაძე გარდაიცვალა.
30 წლის ქალი სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც ყოფილი ქმარი მივიდა და მაღაზიაში ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, ხოლო მას შემდეგ, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ამოქმედდა, მამაკაცმა ქალი სასტიკად სცემა. "ჯერ მაღაზია გადაცხრილა და მერე კონდახით სცემა," - აცხადებს თვითმხილველი.
ნათია გოგალაძეს ყოფილ მეუღლესთან ხელი დღეს უნდა გაეწერა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქმარი მას ბავშვებს უმალავდა და სწორედ ამის გამო ჰქონდათ კონფლიქტი. გარდაცვლილი სილამაზის სალონში მუშაობდა. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებით. შსს-მ კი გამოძიება განძრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.
ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციული სამსახურის უფროსის, თეა კორკოტაძის ინფორმაციით, ჰოსპიტალში შეყვანისას პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იყო, ხოლო თავის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
30 წლის ნათია გოგალაძის მეზობლები დაღუპულის შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ძალიან კარგი გოგო იყო და ორ შვილს მარტო ზრდიდა.
„ნათია ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან მეცოდება, რა ეშველებათ არ ვიცი. ძალიან წესიერი, პატიოსანი გოგო იყო, ორ შვილს მარტო ზრდიდა.“ - ამბობს დაღუპულის მეზობელი.
„ისეთი კარგი გოგო დაიღუპა მეტი რომ არ შეიძლება, სროლის ხმა გავიგეთ და ეგ იყო, დღეს სასამართლო უნდა ჰქონოდათ განქორწინებასთან დაკავშირებით , ქმარს არ უნდოდა განქორწინება...მაგრამ რაზე კლავ შე ოხერო“ - აცხადებს გოგონას ახლობელი.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
0