17:29:22     24-06-2019
10 სამართალდამცველს, რომელიც აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა
„10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, აქედან, ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას.
შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
ამ ეტაპზე, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა“, - განაცხადა ჭელიძემ.
0