10:18:31     24-05-2019
ვინ არის ქართველი ემიგრანტი გოგონა, რომელიც იტალიურ ფილმში მთავარ როლს ასრულებს? (ვიდეო)

ქეთა რიჟამაძე ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო თავის გამოჩენა. ქეთა დედასთან, დეიდასთან და ბებიასთან ერთად 2 წელია იტალიაში, ქალაქ სალერნოში ცხოვრობს და სკოლის მოსწავლეა.
"დიასპორა.ჯის" ინფორმაციით, ის ცოტა ხნის წინ გადაიღეს იტალიურ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა გიფონის ფილმის ფესტივალისათვის, იტალიელი რეჟისორის ლუკა მოლტისანტის მიერ. ფილმში “ფოლოუერი”, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ანონიმური პირების მიერ მოზარდების კონტროლირებას და ძალადობას ეხება, მთავარ როლს სწორედ ქეთა ასრულებს.
გოგონა როლისათვის სკოლაში ჩატარებული ქასთინგის მეშვეობით შეარჩიეს.
ქეთა "დიასპორა.ჯის" ფილმის და თავისი როლის შესახებ უყვება:
"ეს ფილმი არის სთოლქინგზე, არ ვიცი ქართულად ასე თუ ითქმება, ანუ მოზარდების და არა მარტო მოზარდების, ასევე დიდი ადამიანების “გაკონტროლებაზე” სოციალური ქსელების მეშვეობით. ეს არის სხვა ადამიანების მიერ მათი ყოველი ნაბიჯის გაგება და ასევე ფსიქიკაზე ზემოქმედება. ეს თემა აქტუალურია მთელ მსოფლიოში და ამიტომ შეიქმნა ფილმი, რომ გაგვეგზავნა მესიჯი ყველა ახალგაზრდისთვის, თუ რისი გამოწვევა შეუძლია სთოლქინგს და ზოგადად სოციალურ ქსელს. ველაპარაკე ჩემს რეჟისორს და შევეცდებით ფილმს ქართული სუბტიტრები დავადოთ...
ზემოხსენებული ფესტივალი ზაფხულში ჩატარდება და თუ ბევრი ნახვა და მოწონება ექნება სურათს, უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ.
ჩემი პერსონაჟი, სახელად ანა, არის ძალიან რთული პიროვნება, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, გაფუჭებული გოგონა, ზუსტად ისეთი, როგორიც ფილმში მიხილეთ. მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ იმავდროულად მეორე სცენაც მეთამაშა, სადაც ვხედავთ, რომ ეს გოგონა სინამდვილეში შეშინებულია, მას რაღაცა აწუხებს და ეს იმიჯი მხოლოდ თავდაცვის გამო შეიქმნა. თუ დაკვირვებით ვუყურებთ ფილმს, მივხვდებიათ, რომ მისი მზერა სულ მობილური ტელეფონისკენ არის მიმართული, მაგრამ თუ შევხედავთ ასევე შავ-თეთრ სცენებს, გავიგებთ მიზეზს – მესიჯებს მას სთოლქერი უგზავნის, ზემოქმდების და შეშინების მიზნით… თუმცა როგორც ფილმების უმეტესობა, ჩვენ Happy end-ით დავამთავრეთ," - ამბობს ქეთა გამოცემასთან საუბარში.
ნახეთ ვიდეო:
0