11:10:16     20-09-2010
აშშ და ნატო რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავის პოზიციებს იმყარებენ
[რიკ როზოფი, Eurasia Review]
15 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერთ გეითსმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
თავდაცვის უწყბების ორივე ხელმძღვანელმა ასევე გაავრცელა ერთობლივი დეკლარაცია, რომლის თანახმადაც მათი სახელმწიფოები თავდაცვით საკითხებზე შექმნიან მუშა ჯგუფებს, რომლებიც ყოველწლიურად შეხვდებიან ერთმანეთს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ორმა ოფიციალურმა პირმა განიხილა ის საკითხებიც, რომლებსაც ევფემისტურად სარაკეტო ფარად და სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების განახლებული შეთანხმების (START) რატიფიცირებად მოიხსენიებდა. „მხარეები ასევე გეგმავენ (დნენ) რეგიონული უსაფრთხოების ზოგიერთ პრობლემაზე ფოკუსირებას, მათ შორის ავღანეთზე, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე“ – იუწყებოდა “იტარ-ტასი”.
მეინსტრმული მედია ორივე ქვეყანაში, ამ ახალ ამბავს უეჭველად გამოაცხადებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა დათბობის კიდევ ერთ დასტურად მას შემდეგ, რაც აშშ-ს დღევანდელმა ადმინისტრაციამ ბუშის მთავრობა რესპუბლიკელთა და დემოკრატთა იმ მომაბეზრებელ კარუსელში შეცვალა, რომელსაც ადგილი უკვე 1852 წლიდან აქვს და რომელსაც იშვიათად მოყვება საკმარისად მნიშვნელოვანი ცვლილება საგარეო პოლიტიკაში.
დიდწილად რიტორიკულ „გადატვირთვას“ მოსაწყენი, წარმოსახვას მოკლებული, კლიშედ ქცეული ფრაზების თანხლებით ასევე ხშირად მოიხსენიებენ.
აი ახლა კი, სამყაროში, მიუხედავად იმისა, სუფევს თუ არა უფალი ზეცაში, ყველაფერი წესრიგშია. სავალალო წარსულის საკუთრებად იქცა ის უხეირო გართულებები, რომლებიც ჯერ სამი წლის წინ, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმ გამოსვლას მოჰყვა, რომელშიც მან გაბედა და თანამედროვე მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებზე სიმართლე ილაპარაკა და ისიც, რაც ერთი წლის შემდეგ რუსეთისა და ვაშინგტონის კლიენტის, საქართველოს ხუთდღიანი ომის გამო შეიქმნა.
ოფიციალურმა მოსკოვმა თავის ტერიტორიაზე ავღანეთში მიმდინარე ომისთვის არალეტარული ტვირთების ტრანზიტის ნებართვა გასცა (როგორც ჩანს, ისტორიული ირონიის ყოველგვარი განცდის გარეშე) და საუბარია იმ საბჭოს რეაქტივაციაზე, რომელმაც თავისი მუშაობა 2008 წლის კავკასიის ომის შემდეგ შეაჩერა.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მსოფლიოს ერთადერთ სამხედრო სუპერსახელმწიფოსთან ურთიერთობათა გადაწყობაში თავისი როლს გაუწევს რეკლამირებას და თავისი და თავისი პარტიისთვის – „ერთიანი რუსეთისთვის“ შესაბამის პოლიტიკურ ჯილდოს დაელოდება.
რუსეთის გამოცდილებას სამხედრო თანამშრომლობის პაქტებთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს ნაპოლეონ ბონაპარტთან 1807 წლის შეთანხმება, თუ ადოლფ ჰიტლერთან 1939 წელს, ალბათ მისთვის რაღაც უნდა ესწავლებინა. მაგრამ ისტორია გრძელია, ხოლო მეხსიერება – მოკლე.
იმ დროს, როდესაც გეითსი და სერდიუკოვი სამხრეთ და ცენტრალური აზიის, აგრეთვე კავკასიის საკითხებზე მსჯელობდნენ, პენტაგონი დამოუკიდებლად და იმ გლობალური სამხედრო ბლოკის, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ის აკონტროლებს, ცოტა არ იყოს, ლაპარაკზე მეტს აკეთებდა.
დაჟინებით ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში წვრთნებისთვის ახალი სივრცეების შექმნას გეგმავს. ეს, გარდა იმისა, რომ ავღანეთში ომისთვის და ნატოს ხელმღვანელობით მიმდინარე ოპერაციებისთვის ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დედაქალაქის გავლით პენტაგონსა და ნატოს ყოველთვიურად დაახლოებით 50.000 სამხედრო გადაყავთ.
ამერიკულმა ჯარმა და მისმა ბრიტანელმა მოკავშირეებმა ყაზახეთში, რუსეთის მოსაზღვრე ცენტრალური აზიის ქვეყანაში 2010 წელს ათდღიანი სამხედრო წვრთნები, Steppe Eagle ჩაატარეს.
ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO), წევრები არიან – იმ პოსტსაბჭოთა თავდაცვითი ალიანისის წევრები, რომელსაც სათავეში რუსეთი უდგას და რომელშიც ბელორუსია, სომხეთი და უზბეკეთიც არიან გაერთიანებულნი. სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი ევროპის მიღმა არსებული ის ერთადერთი ქვეყნებია, რომლებსაც ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა აქვთ მინიჭებული.
წელს 11 სექტემბერს, CSTO-ს მთავარმა მეტოქემ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ნატომ „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ეგიდით კატასტროფაზე რეაგირების წვრთნები დაიწყო სომხეთში. ამ პროგრამაში გაერთიანებულნი არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი – ანუ რუსეთის, ლატვიისა და ლიტვის გარდა (უკანასკნელი სამი 2004 წელს ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდა), ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა.
2010 წლის წვრთნებში სომხეთში მონაწილეობს 15 ქვეყანა პროგრამებიდან „პარტნიორობა მშვიდობისათვისა“ და „ხმელთაშუა ზღვის დიალოგი“.
რუსეთმა და სომხეთმა 20 აგვისტოს,ხელი მოაწერეს შეთანხმებას და რუსულ სამხედრო ბაზებს სომხეთში იჯარის ვადა 2044 წლამდე გაუგრძელეს. მაგრამ შეთანხმებები იჯარაზე ხშირად ირღვევა.
გასულ დეკემბერს სომხეთმა დასტური განაცხადა ნატოს თხოვნაზე, ბლოკის ხელმძღვანლეობით მიიღოს სამხედრო მონაწილეობა ავღანეთის ომში. ესაა CSTO-ს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წევრი, ვინც ამგვარი ნაბიჯი გადადგა. მის ორ მეზობელს სამხრეთ კავკასიაში – საქართველოსა და აზერბაიჯანს – ათასზე მეტი სამხედრო ჰყავთ გაგზავნილი ნატოს დაქვემდებარებაში ავღანეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის.
მიმდინარე კვირას, 2010 წლის წვრთნების დაწყების პროცესში, რობერტ სიმონსი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ეწვია.
ერევანში ყოფნისას სიმონსი ქვეყნის პარტნიორობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემდგომ იმპლიმენტაციას განიხილავდა და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ საქისიანცი ლისაბონში ნატოს წლევანდელ სამიტზე მიიწვია. ამ სამიტზე პორტუგალიაში ალიანსის 21-ე საუკუნის სტრატეგიული კონცეფცია უნდა განიხილონ და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტისათვის მთიან ყარაბახში ნატოს ჯარის, როგორც სამშვიდობო ძალის განთავსებაზე იმსჯელონ. აშშ და მის პარტნიორები ნატოში უკვე კარგა ხანია ფიქროობენ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის „ინტერნაციონალიზაციის“ იდეაზე იუგოსლავიის მოდელის მსგავსად.
მიმდინარე თვის დასაწყისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯონ ტენერმა პირობა დადო, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საკითხს ასამბლეის შემოდგომის სესიაზე დააყენებს. ბოლო სამი კვრის განმავლობაში რამდენიმე აზერბაიჯანელი და სომეხი ჯარისკაცი მოკლეს.
ამ თვეშივე აზერბაიჯანული ჯარი ჩართული იყო ნატოს წვრთნებში, რომლებიც გერმანიაში, უკრაინასა და მონტენეგროში ჩატარდა.
გასულ კვირას საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვის ბოლოს ნატო ქვეყანაში თავის მუდმივ მისიას გახსნის. “ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გააღრმავებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს“ – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა. აქამდე ალიანსს თავდაცვის სამინისტროში საკონტაქტო ოფიცერი წარმოადგენდა. სულ ცოტა ხანში 2008 წლის აგვისტოს ქართულ-რუსული ომიდან, (რომელიც სამხრეთ ოსეთზე ქართული შეტევით დაიწყო და რომელსაც ერთი კვირით უსწრებდა წინ ნატოს წვრთნები საქართველოში 1,000 ამერიკელი საზღვაო ქვეითის მონაწილეობით, ხოლო ამერიკული ჯარები და აღჭურვილობა იმ დროს ჯერ კიდევ ქვეყანაში რჩებოდა), ნატომ საქართველოს უპრეცედენტო ყოველწლიური ნაციონალური პროგრამა აჩუქა, ხოლო ვაშინგტონმა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმა.
8 სექტემბერს ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი, ფრენკ ბოლენდი საქართველოში იმისთვის ჩავიდა, რომ შეერთებოდა ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც აფასებენ, თუ რამდენად ასრულებს ქვეყანა თავის ვალდებულებებს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში და გადაეხედა ყოველწლიური ნაციონალური პროგრამისათვის. დელეგაცია შეხვდა თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს, მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, თავდაცვის სფეროს სხვა ჩინოვნიკები, ასევე ნატოს ქვეყნების ატაშეები და წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.
30 აგვისტოს რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა რუსეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები, სადაც ის იძლეოდა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ აშშ დღემდე აიარაღებს საქართველოს და აცხადებდა: “საქართველოს შემდგომი გადაირაღება დაწყებულია. რატომ? ეს რეალობაა; ჩვენ ამას ვხედავთ. არ იქნებოდა არავითარი აგრესია და სისხლისღვრა ორი წლის, რომ არა საქართველოს შეიარაღება; ჩვენ ვეუბნებოდით ამას ჩვენს პარტნიორებს; მაგრამ ყველა ჩუმად იყო; და რით დამთავრდა ეს ყველაფერი? ამან ომამდე მიგვიყვანა. ეს გადაიარაღება დღესაც გრძელდება“.
გასულ კვირას ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოს „გლობალური გამოწვევებისადმი მიძღვინილი სიმპოზიუმის დასასწრებად“ ეწვია.
13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისი სამხედრო ბაზაზე გამოვიდა სიტყვით. (ამ ქალაქში შარშან ოქტომბერში ნატოს დღეების მსვლეობისას ნატოს სკვერი გაიხსნა). სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც საქართველომ ავღანეთში თავისი პირველი სამხედრო დაკარგა, აშშ-ში განათლებამიღებულმა ლიდერმა განაცხადა, რომ დაახლოებით 1,000-მა სამხედრომ, რომლებიც მან ნატოს ომისთვის გაუგზავნა „საბრძოლო გამოცდილებას“ იღებდნენ და „დასავლელ მოკავშირეებთან უფრო ინტეგრირებულნი“ გახდნენ. ვებსაიტის, Civil Georgia-ს ცნობით მან ასეთი რამ იკითხა: „შეგვიძლია უარი ვუთხრათ ომის სკოლას? ეს მსოფლიოს საუკეთესო არმიებში ინტეგრირების შესაძლებლობაა, მოწინავე (სამხედრო) აღჭურვილობისა და მიღწევების ნახვის შესაძლებლობა“.
როდესაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე მიიტანა შეტევა, საქართველოს ჯარი ერაყში (სიდიდით მესამე კონტინგენტი აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ) საომარ გამოცდილებას იღებდა და ისინი ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით რუსეთთან საომრად ჩამოვიდნენ. ქართველი სამხედრო, რომელიც ავღანეთში მოკლეს, მანამდე ერაყში მსახურობდა. სულ ერაყში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 19 დაიჭრა.
აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მსგავსად საქართველო რუსეთს სამხრეთით ესაზღვრება და მათსავით ნატოს ინტეგრაციის განსაკუთრებული პროგრამის მფლობელია. მას რეალურად ორი ასეთი პროგრამა აქვს – პარტნიორობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმისა და ყოველწლიური ნაციონალური პროგრამა.
რუსეთის სამხრეთის ფლანგის აღმოსავლეთ სექტორში, გასულ თვეს აშშ-ს წყნარი ოკეანის სარდლობა ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს Khaan Quest, რომელიც 2003 წლის შემდეგ ტარდება იმ მიზნით, რომ მონღოლეთის ჯარები ჯერ ერაყში და შემდეგ ავღანეთში დისლოცირებისთვის მოამზადონ, წლევანდელი სამხედრო წვრთნები ნატოს წევრი და ამერიკის მოკავშირე შემდეგი ქვეყნების მონაწილეობით ჩატარდა: კანადა, საფრანგეთი, გერმანია. აზიის სახელმწიფოებიდან მონაწილეობდნენ: ინდოეთი, იაპონია, სინგაპური და სამხრეთ კორეა. აქედან ყველა, ინდოეთის გარდა, ან ოფიციალურად აგზავნის ჯარებს, ან სხვა რაიმე ფორმით უწევს დახმარებას საომარ მოქმედებებს ავღანეთში.
გარდა იმისა, რომ პენტაგონმა ამას წინათ აღმოსავლეთ პოლონეთში, რუსეთის ტერიტორიიდან 35 მილის დაშორებით 100-ზე მეტი სამხედრო დააყენა და სარაკეტო ბატარეა „პატრიოტი“ განათავსა, რასაც რუმინეთსა და ბულგარეთში შავი ზღვის სანაპიროზე, სტანდარტული რაკეტები-3-ის სახმელეთო ვერსიის – ანტიბალისტიკური რაკეტებისა და რადარების დაყენება უნდა მოყვეს, ნატომ გააფართოვა და მოდერნიზება გაუკეთა საბჭოთა ეპოქაში აშენებული ამარის საჰაერო ბაზას ესტონეთში და ახლა მას შეუძლია ყოველდღიურად მიიღოს ნატოს 16 საბრძოლო და 20 სატრანსპორტო თვითმფრინავი და 2,000 სამხედრო. ამას ემატება Siauliai-ის საჰაერო ბაზას ლიტვაში, რომელსაც ნატოს თვითმფრინავები 2004 წლიდან, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის ნატოში გაწევრიანების მომენტიდან, ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პატრულირებისთვის იყენებენ.
ივლისში აშშ ხელმძღვანელობდა ორკვირიან საზღვაო წვრთნებს Sea Breeze 2010 (პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამით) უკრაინაში, ყირიმში, რაც შავ ზღვაში წელს უდიდეს სამხედრო წვრთნებს წარმოადგენდა და მასში მონაწილეობას იღებდა 12 ქვეყანა, 20 გემი, 13 თვითმფრინავი და 1,600-ზე მეტი სამხედრო აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, დანიიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, მოლდოვეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან.
14 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ჩრდილოეთით, ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში ნატოს ძალების კონცენტრაციის წინააღმდეგ გაფრთხილება გააკეთა, ხოლო მომდევნო დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ არ გვესმის რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ნატოს არქტიკამ… არა მგონია, რომ ნატო სწორად იმოქმედებს, თუ თავის თავზე აიღებს იმის გადაწყვეტას, ვინ უნდა გადაწყვიტოს პრობლემები არქტიკაში“.
[foreignpress.ge]
0