თანამედროვე სტრატეგიის შემოქმედნი - მორის ნასაუელი (მეორე ნაწილი) თანამედროვე სტრატეგიის შემოქმედნი - მორის ნასაუელი (მეორე ნაწილი) />


  10:28:14     20-09-2010

თანამედროვე სტრატეგიის შემოქმედნი - მორის ნასაუელი (მეორე ნაწილი)

[კახა კაციტაძე, სამხედრო ანალიტიკური ჯგუფი „ჰერი“]

პრაქტიკაში რა თქმა უნდა საქმე სხვაგვარად იყო. ხელმძღვანელი პოსტები მაინც შტატჰალტერთა ნათესავებს და დიდებულებს ეკავათ. ოფიცრად ბევრი უცხოელიც მსახურობდა ვინაიდან მათ გააჩნდათ საჭირო ცოდნა.

ახალ სისტემას ხშირად აკრიტიკებდნენ არააქტიური შეტევითი ტაქტიკის გამო. ახალი საბრძოლო დანაყოფები ძალზე პატარა იყო შეტევითი ოპერაციებისთვის და ძირითადად თავდაცვისთვის თუ გამოდგებოდა.

 

მორისის დამსახურება საალყო საქმეში უდავოა. მან განსაკუთრებული როლი დააკისრა თავის არმიაში არტილერიას, ინჟინრებს და მომარაგებას. ასევე დანერგა არმიაში ფიზიკური შრომის პრინციპი, რაც მანამდე დამამცირებლად ითვლებოდა. ყოველი ჯარისკაცი მონაწილეობას იღებდა ვთქვათ სანგრის გათხრში, რის სანაცვლოდაც იგი დამატებითი თანხით ჯილდოვდებოდა.

 

რაც შეეხება სტრატეგიას, მორისის მიზნები, გამომდინარე გენერალური შტატების (პარლამენტის) სურვილიდან და მისი მიდრეკილებიდან, 7 პროვინციის ტერიტორიის დაბრუნებით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა, მორისს მიზნის მიღწევა პოზიციური ბრძოლების მეშვეობით უნდოდა და არ ქონდა მიზნად დასახული მოწინააღმდეგის სრული განადგურება. 1589-1609 წლებში მან დაიპყრო 29 ციხე-სიმაგრე, მაგრამ მხოლოდ ერთი, ნიუპორტის ბრძოლა აწარმოა და ისიც უხალისოდ.

 

1590-1594 წლების ოპერაციებმა აჩვენა ომის წარმოების მორისისეული სტილი. ესპანეთის დაკავება ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლით, ჰოლანდიას შანსს აძლევდა თავს დასხმოდა მტერს, მაგრამ სახელმწიფო საბჭომ თავი შეიკავა ამგვარი ქმედებებისგან და განაცხადა რა “თავდასხმა გააღვიძებს მძინარე ძაღლს და ჩართავს ომში, რომელიც უკვე თავიდან აცილებულია” გადაწყვიტა თავდაცვა გაეძლიერებინა. მორისს ბოლოს მიენიჭა უფლებამოსილება განეხორციელებინა მცირემასშტაბიანი ოპერაციები რათა დაებრუნებინა პარმას მიერ დაპყრობილი ძირითადი ქალაქები ჩრდილოეთში.

 

1590 წელს მან დაიწყო კამპანია ბრედას წინააღმდეგ. მორისის არმიამ დიდი მდინარეების(20) ჩრდილოეთით საფუძველი გამოაცალა ესპანელებს, ხოლო შემდეგ გადაკვეთა მდინარე ვაალი რათა შეესუსტებინა ფორტების მთელი ჯაჭვი ბრაბანტსა და ფლანდრიაში. შემდეგ წელს მორისმა შესანიშნავი შეტევა ჩაატარა. მაისსა და ოქტომბერს შორის მან დაიპყრო ოთხი მთავარი ციხესიმაგრე. 1591 წლის მაისსა და ივნისში მორისმა დაიწყო აღმოსავლეთიდან და ორ კვირაში აიღო ქალაქები ზუტპენი და დევენტერი.

 

შემდეგ მან გადაადგილა თავისი ჯარი ბარჟების მეშვეობით და სექტემბერში, ხუთ დღეში აიღო ქალაქი ჰულსტი, ანტვერპის მახლობლად. ამის შემდეგ მან დაიხია უკან დორტრეხტისკენ და ქვეითად იარა ნიზმეგენამდე, რომელიც ოქტომბერში დაეცა ექვსდღიანი ალყის შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი შედეგები მიღწეულ იქნა მოულოდნელობის და სწრაფი საალყო ოპერაციების წყალობით, რასაც ემატებოდა ბრძოლების წარმოებისათვის ხელსაყრელი სეზონის პერიოდები.

 

1592 წელს მორისმა ოპერაციები ჩრდილო-აღმოსავლეთით გააგრძელა და მოკლე დროში დაიპყრო სტინვიჟკი და კოევორდენი (არ ვართ დარწმუუნებულები რომ დასახლებული პუნქტების ჩვენეული ტრანსკრიფცია ზუსტად ასახავს ჰოლანდიურს - კ.კ.). ამ დროს იჩინა თავი ცალკეული პროვინციების პარტიკულარიზმმა. ფრისლანდი დახმარებას უწევდა კამპანიას ოვერიჟსელსა და გელდერლანდში, მაგრამ როდესაც ზეწოლამ ზელანდიდან იძულებული გახადა მორისი გერტრუიდენბერგის წინააღმდეგ წასულიყო სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფრისლანდმა(21) აუკრძალა ვილჰელმ ლუისს და მის ჯარს მონაწილეობა მიეღოთ ოპერაციაში.

 

დიდი ხნის ალყის შემდეგ გერტრუიდენბერგი დაეცა 1593 წლის ივნისში. შემდეგ წელს მორისმა დაიბრუნა აღმოსავლეთი და 1594 წლის ივლისში დაიპყრო გრონინგენი. იმის შემდეგ რაც მიზანი მიღწეული იყო პროვინციებმა შეუმცირეს თავისი დახმარება არმიას და იძულებული გახადეს ოპერაციები შეეჩერებინა.

 

პაუზის დროს მორისმა ჯარების რეორგანიზაცია მოახერხა და 1597 წელს, იმ დროს როცა ესპანეთი მთლიანად საფრანგეთით იყო დაკავებული, აიღო რამოდენიმე ციხესიმაგრე, რითიც ესპანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება მოუსპო. თუმცა, 1598 წელს ესპანეთსა და საფრანგეთს შორის დამყარებულმა მშვიდობამ სიტუაცია შეცვალა. ესპანეთის არმიამ ძალა მოიკრიფა დაიწყო გადაადგილება მდინარეების გასტვრივ სახრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, თუმცა 1599 წლის დასაწყისშივე იქნა უკუგდებული.

 

ამავე დროს ესპანეთის არმიაში კიდევ ერთი ამბოხება დაიწყო და წარმატებებით გამხნევებული გენერალურმა შტატებმა მორისი დაიყოლია იერიში მიეტანა ნიუპორტსა და დუნკერკზე. 1600 წლის 2 ივლისს მორისმა დაამარცხა ნაჩქარევად შეგროვებული ესპანეთის არმია ნიუპორტის მახლობლად. მაგრამ ეს იყო გამარჯვება ტაქტიკური და არა სტრატეგიული თვალსაზრისით, ვინაიდან ჰოლანდიის არმია აგვისტოს დასაწყისში იძულებული გახდა დაკავებული პუნქტების ევაკუირება მოეხდინა.

 

ამის შემდეგ ერცჰერცოგმა ალბრეხტმა, ესპანელთა მეთაურმა, გადაწყვიტა აეღო ოსტენდე. მორისი შეეცადა იერიში მიეტანა ესპანელებზე. არმიით რომელიც ითვლიდა 5442 ცხენოსანს და თითქმის 19000 ქვეითს. იგი გეგმავდა შეჭრილიყო ბრაბანტში და დაბანაკებულიყო ფლანდრიაში საიდანაც შეუტევდა ესპანელებს. მაგრამ ოპერაცია ჩაიშალა ვინაიდან მაასის გადაკვეთის შემდეგ ჰოლანდელებმა ცხენების საკვები ვერ იშოვეს და იძულებულები გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. გენერალურმა შტატებმა უბრძალა მორისს თავდაცვა გაეძლიერებინდა. ინიციატივა ახლა ესპანელთა ხელში გადავიდა, რომელთაც უკვე სხვა, ყველაზე გამოცდილი გენერალი ამბროზიო სპინოლა (Ambrogio Spinola) მეთაურობდა(22). სპინოლა შეეცადა გადაესროლა თავისი ძალები ოსტენდისკენ. Mმან წარმატებას მიაღწია ოვერრიხსელსა და ჯელდერლანდში, მაგრამ ძლიერი გაზაფხულის წვიმების გამო მეტი წინ ვეღარ წაიწია.

 

სპინოლამ იცოდა რა ესპანეთის კატასტროფამდე მისული ფინანსური მდგომარეობა ამჯობინა შეეჩერებინა სამხედრო მოქმედებებ. 1608 წლის დასაწყისში ზავი იქნა დადებული 12 წლის პერიოდით. ეს იყო ჰოლანდიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ძლევამოსილი ბრძოლის დასასრული. როდესაც 1621 წელს ომი განახლდა, იგი უკვე უნდა განვიხილოთ, როგორც ოცდაათწლიანი ომის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი და არა ნიდერლანდელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.

 

1.      შარლ VIII საფრანგეთის მეფე (Charles VIII) (1470–1498), 1483 წლიდან. ჰქონდა პრეტენზია არა მხოლოდ ჩრდილო იტალიაში, არამედ ნეაპოლის სამეფოში გაბატონებაზეც.

2.      აზენკურის ბრძოლისას ასწლიანი ომის დროს ინგლისელთა არმიამ სასტიკად დაამარცხა ფრანგები. ორიგინალში ლაპარაკია არტილერიის ცეცხლის ძალაზე, რაც ეხება ე.წ. ქვამტყორცნებს, მკითხველს რომ არ გასჩენოდა ყალბი წარმოდგენა, თითქოს ლაპარაკია ცეცხლსასროლ იარაღზე, ქართულ ტექსტში გამოვიყენეთ შედარებით ნეიტრალური ტერმინი “იარაღის ძალა”. აზენკური იყო ერთ-ერთი პირველი ბრძოლა სადაც მოქალაქეთაგან შემდგარმა მოისართა რაზმებმა დიდი როლი შეასრულა რაინდების დამარცხებაში.

3.      ალებარდა - შუბისებრი ცივი იარაღი; ოცდაათწლიანი ომიდან და მანამდეც ტაქტიკის წინაშე იდგა მუშკეტერებს და ალებარდისტებს შორის გონივრული ბალანსის დამყარების პრობლემა. ამოცანა გუსტავ-ადოლფმა გადაწყვიტა.

4.      მაკიაველის მეტსახელი;

5.      უა საუკუნეების ნიდერლანდები (დაახლოებით უტოლდება დღევანდელ ბენელუქსს) მე–16 საუკუნისათვის ეკუთვნოდა კარლ ჰაბსბურგს, რომელიც ერთდროულად იყო საღვთო რომის იმპერიის ანუ გერმანიიის იმპერატორიცა და ესპანეთის მეფეც (ამას გარდა მის სამფლობელოებში შედიოდა იტალიის დიდი ნაწილიც). მაშინდელი ნიდერლანდები შედგებოდა ისტორიულად ჩამოყალიბებული პროვინციებიდან (იმ ტიპისა, როგორიცაა ჩვენი ქართლი, კახეთი, იმერეთი და ა.შ.). ტახტიდან გადადგომის შემდეგ კარლოსმა თავისი სამფლობელოები შვილებს გაუყო. უფროსს, ფილიპეს, ერგო ესპანეთი, ჰოლანდია, იტალია და ამერიკული სამფლობელოები, ხოლო უმცროსს, ფერდინანდს – გერმანული სამფლობელოები. ჰოლანდია იმხანად ევროპის ყველაზე განვითარებული რეგიონი იყო. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ გადასახადების სახით ესპანეთს ჰოლანდიიდან მეტი თანხა შესდიოდა ვიდრე ამერიკის სამფლობელოებიდან (ამ დროს ესპანეთი ფლობდა მთელ ცენტრალურ და ლათინურ ამერიკას ბრაზილიის გარდა, რომელიც პორტუგალიას ეკუთვნოდა). ესპანეთის ადმინისტრაციის მძარცველურმა პოლიტიკამ ნიდერლანდებში რევოლუცია გამოიწვია, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სოციალური ფენა ჩაერთო. აჯანყების სამხედრო ლიდერობა არისტოკრატიამ იკისრა, რომლის ლიდერიც ვილჰელმ I ორანელი (მეტსახელად “მდუმარე” იყო) იყო. ამბოხება წლების განმავლობაში გრძელდებოდა და 1581 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. თუმცა ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილი (დღევანდელი ბელგია) ავსტრიის მმართველობაში დარჩა. დამოუკიდებელი ჰოლანდიის სათავეში მოვიდა ორანელების დინასტია. ორანელების დინასტია ჰოლანდიის სამეფო გვარი, წარმოშობით სამხრეთ საფრანგეთიდან. ისტორიულ ქრონიკებში იხსენიებიან მე–11 საუკუნიდან. 1544 წელს ნიდერლანდების მმართველი გახდა ვილჰელმ მდუმარე, რომელიც მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ომს ჰოლანდიის დამოუკიდებლობისათვის. 1584 წელს ვილჰელმი ესპანელების აგენტმა მოკლა. მისი მემკვიდრე, უფროსი ვაჟი ფილიპ-ვილჰელმი ესპანელებს ჰყავდათ დატყვევებული (გარდაიცვალა პატიმრობაში 1618 წელს). ამიტომ ჰოლანდიის მმართველ-გამგებლად მისი უმცროსი ვაჟი მორის ნასაუელი აირჩიეს, რომელსაც დაევალა კიდეც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის წინამძღოლობა. მისი ბიძაშვილები, პრინცები რომლებზეც ამ სტატიაშია ლაპარაკი, ჰოლანდიის სხვა ისტორიული მხარეების მთავრები იყვნენ.

6.       იუსტუს ლიპსიუსი (LIPSIUS, Justus (ჰოლანდიურად Joost Lips),. (1547 -1606) ჰოლანდიელი იურისტი, ფილოსოფოსი და საზოგადო მიოღვაწე.

7.      არისტოტელე (ჩვ.-აღ-მდე 384-322) - ძველი ბერძნული ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელი, პლატონის მოსწავლე, მოგვიანებით მისი კრიტიკოსი. ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი. არისტოტელემ ფაქტობრივად შეაჯამა ანტიკური აზროვნების მიღწევები და სათავე დაუდო ფილოსოფიისა და მეცნიერების მრავალ მიმართულებას, მათ შორის – პოლიტიკურ ფილოსოფიას. პლატონთან ერთად არისტოტელე იყო შუა საუკუნეების ფილოსოფიის, მათ შორის ამ ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტელექტუალური ავტორიტეტი. არისტოტელეს სკოლის პოზიციები საქართველოში განსაკუთრებით ძლიერი იყო იყალთოს აკადემიაში (აქ არსენ იყალთოელი პლატონთან შედარებით არისტოტელეს ანიჭებდა უპირატესობას. საპირისპირო ვითარება იყო გელათის აკადემიაში, რომლის “რექტორი” იოანე პეტრიწი პლატონს დაუფარავად ანიჭებდა უპირატესობას არისტოტელესთან შედარებით).

8.      მაქს ვებერი (1864-1920) დიდი გერმანელი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, ავტორი ნაშრომისა “პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული”, რომელიც აშუქებს რელიგიური და ეკონომიკური ფაქტორების თანაფარდობას ევროპის ახალი ისტორიის პირველ ეტაპზე.

9.      რაიმონდო – გრაფი მონტეკუკოლი (1609-1680) - ავსტრიელი სამხედრო მოღვაწე და თეორეტიკოსი, გენერალისიმუსი. მონაწილეობდა ოცდაათწლიან ომში. მისი სამხედრო საქმიანობის მწვერვალია 1664 წელს ოსმალებზე გამარჯვება, რის შემდეგაც უნგრეთის დიდი ნაწილი ავსტრიას შეუერთდა (სხვა საკითხია, რამდენად კმაყოფილნი დარჩნენ ამით უნგრელები).

10.  ავსტრიელი საზოგადო მოღვაწეები.

11.  მალბოროს დუკა (ჰერცოგი), ჯონ ჩერჩილი (1650-1722) ინგლისელი მხედარმთავარი და პოლიტიკოსი. ესპანეთის მემკვიდრეობისათვის 1701-1714 წლების ომისას კონტინენტზე ინგლისი საქსპედიციო ჯარების სარდალი. დაამარცხა ფრანგები გაჰშტედტის და მალპლაკის ბრძოლებში. მანევრების დიდი ოსტატი. უინსტონ ჩერჩილის წინაპარი.

12.  შარნჰორსტი გერჰარდ იოჰან დავიდი (1755-1813) პრუსიელი გენერალი, თეორეტიკოსი და სამხედრო რეფორმატორი. ჩაიბარა ნაპოლეონთან 1806 წელს გამანადგურებელი მარცხის შემდეგ პრაქტიკულად არარად ქცეული პრუსიის არმია; ენერგიული რეფორმების გზით მისგან შექმნა მრისხანე ძალა, რომელმაც უფრო გვიან, ბისმარკის დიპლომატიასთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანიის გაერთიანებაში. იმ არმიის დასაბამი, რომელიც ქართველისათვის სიტყვათხმარება “გერმანული ჯარი”-ს გაგონებისას ასოციირდება, სწორედ შარნჰორსტთან არის საძიებელი.

13.  ჰოლანდიის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები;

14.  გენერალური შტატები ეწოდებოდა ჰოლანდიის უმაღლეს მმართველ ორგანოს. მოგვიანებით ეს სახელი მოიხმარებოდა თავად ჰოლანდიის სახელმწიფოს აღმნიშვნელად (შდრ. “ბრწყინვალე პორტა” თავდაპირველად ოსმალეთის სულთნის სამეფო კარს აღნიშნავდა, ხოლო მოგვიანებით საზოგადოდ ოსმალეთის იმპერიას).

15.   ყველა ჩამოთვლილი პროვინციები ჰოლანდიის ისტორიულ მხარეებს წარმოადგენენ, მსგავსად ჩვენი ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა და ა.შ.

16.  პარმის ჰერცოგი - ჰერცოგი ფარნეზე, ესპანელების ერთ-ერთი სარდალი;

17.  ისევ იგულისხმება ქართლის, კახეთის იმერეთის და ა.შ. მხარეები.

18.  ელისაბედი (1533 — 1603) ინგლისის დედოფალი. მისი მმართველობის პერიოდს ემთხვევა ინგლისის საზღვაო ძლიერებისათვის საფუძვლის ჩაყრა. 1588 წელს ინგლისის ფლოტმა ყოფილი მეკობრის, ადმირალ ფრენსის დრეიკის სარდლობით სასტიკად დაამარცხა ინგლისის დასაპყრობად გაგზავნილი ესპანელთა ფლოტი (წოდებული “უძლეველ არმადად”) და საექსპედიციო კორპუსი, რომელსაც არც ეღირსა ინგლისის მიწაზე ფეხის დადგმა. ელისაბედი ევროპის კონტინენტზე ატარებდა პროტესტანტი ლიდერების (ჰოლანდიაში ორანელების, საფრანგეთში ანრი IV-ის) მხარდაჭერის პოლიტიკას და რადიკალურად უპირისპირდებოდა ფილიპე II-ის ესპანეთის კურსს.

19.  კალვინიზმი - ერთ-ერტი პროტესტანტული მიმდინარეობა, რომელიც აქცენტს აკეთებდა აღზრდის სიმკაცრეზე, დისციპლინაზე და პრინციპულობაზე.

20.   უპირველეს ყოვლისა იგულისხმება მდინარეები რაინი და მაასი.

21.  იგულისხმება ნიდერლანდების ერთ-ერთი მხარის - ფრისლანდის-წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედება.

22.  ამბროზიო სპინოლა (1569-1630) ესპანელების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მხედარმთავარი. ჰოლანდიასთან ომისას დაიკავა ციხე-სიმაგრეები ოსტენდე და ბრედა. ოცდაათწლიანი ომისას წარმატებით ომობდა გერმანიაში.

0

ავტორი: