11:48:37     23-10-2018
ლადო გრიგალაშვილის მამა: ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჩემი შვილის ჩადენილია, მას ანა თავის თავზე მეტად უყვარდა
თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ჩვენება ლადო გრიგალაშვილის მამამ, ზაქარია გრიგალაშვილმა მისცა.
როგორც ის თავის ჩვენებაში ამბობს, მის შვილსა და მოკლულ ნაცვლიშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
"იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ლადო ავად იყო და ანამ მჭადები გამოუცხო და ჩამოუტანა.
ლადო ყოველთვის იყო ზრდილობიანი, გამორიცხულია ვინმესთვის რამე ეწყენინებინა, ვერავინ გაიხსსენებს იმას, რომ მას ვინმე დაეჩაგრა.
ჯარის გავლის შემდეგ სამსახური დაიწყო, გეგმები ჰქონდა, ცოლის მოყვანაზეც ჩამოყალიბებული იყო. სამსახურიდან წამოვიდა, კაფის ამუშავება უნდოდა, რაშიც მეც ვეხმარებოდი. არასდროს არ ყოფილა ფიცხი, გადახრებზე ზედმეტია საუბარი", - აცხადებს გრიგალაშვილი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ლადო გრიგალაშვილმა ავტოფარეხის სახურავიდან ბავშვი გადმოაგდო, ზაქარია გრიგალაშვილი არ ადასტურებს.
"4 წლის იქნებოდა, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, ბურთი ავტოფარეხის თავზე აუვარდათ, ბურთის ჩამოტანის მომენტში, ბავშვი თავისით გადმოვარდა ავტოფარეხიდან", - აცხადებს გრიგალაშვილი.
ის მოკლულ გოგონას დადებითად ახასიათებს.
"ძალიან მორიდებული, მოკრძალებული, უაღრესად პატიოსანი, კეთილი გოგო იყო. ყველაფერი კარგი შემიძლია მასზე ვისაუბრო, რადგან კარგად ვიცნობდი მას.
ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჩემი შვილის ჩადენილია, არა იმის გამო, რომ ის ჩემი შვილია. არამედ, იმის გამო, რომ მას ანა თავის თავზე მეტად უყვარდა", - განაცხადა გრიგალაშვილმა.
მან სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. თუმცა, აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პატრულ-ინსპექტორის პოზიცია მისი სურვილით დატოვა.
0