მინდელის შახტის ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი მინდელის შახტის ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი />


  12:26:03     16-07-2018

მინდელის შახტის ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი

ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაიხურება.

ამასთან, ამირანაშვილმა მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. დღეს გამთენიისას, 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულის შახტში მოხდა უბედური შემთხვევა. შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც მოგეხსენებათ, ოთხი ადამიანი, საუბედუროდ, გარდაიცვალა. დამატებით მინდა მოგახსენოთ, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება“, – განაცხადა ამირანაშვილმა.

მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
0

ავტორი: