16:21:43     19-06-2018
ირაკლი აბესაძე: არანირი საფუძველი არ გვაქვს, სიტყვაზე ვენდოთ მამუკა ბახტაძეს
საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტექნიკურ მთავრობას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ მხარდაჭერას ვერ მიიღებს ვერც სამი კვირის შემდეგ წარმოდგენილი ახალი მთავრობა.
კანონმდებლები ძველი მთავრობის შემადგენლობას გაერთიანებულ კომიტეტებზე მთელი დღის მანძილზე ისმენენ.ძველი მთავრობისა და ახალი პრემიერის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებს განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება და უკვე სამი კვირის შემდეგ მამუკა ბახტაძე განახლებულ მთავრობას წარადგენს.
"პრესა.ჯი" საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრს, ირაკლი აბესაძეს ესაუბრა:
-"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილელები შესაძლოა, პარლამენტში ჩავარდეს, იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ახალ რეფორმას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
-საერთოდ არ მიგვაჩნია, რომ რაიმე არსებითი მნიშვნელობა აქვს სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელზეც მიდის საუბარი მთავრობის მხრიდან, თუკი ადგილი არ ექნება ბიუროკრატიის რაოდენობის შემცირებას და შესაბამისად, იმ ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვას, რომელიც ბიუჯეტიდან იფლანგება ამ ბიუროკრატების შესანახად. წინა მთავრობის მხრიდან, ნათქვამი იყო ტყუილი. როდესაც შემცირდა შარშან ზამთარში სამინისტროების რაოდენობა, საუბარი მაშინაც იყო მცირე მთავრობაზე, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ თითზე ჩამოსათვლელი შტატების რაოდენობა შემცირდა სამინისტროებში და არსებითად არანაირი ცვლილება, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას გამოიწვევდა და ამ გათავისუფლებული თანხების მიმართვას მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებისკენ, ადგილი არ ჰქონია.
-მაშინ არ თქმულა, რომ სტრუქტურულ ცვლილებებს, საკადრო რეორგანიზაციაც მოჰყვებოდა. ამჟამად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ღიად საუბრობს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე. იქნებ, ეს არის მიზეზი, რის გამოც უმრავლესობაში უკმაყოფილება შეიძლება არსებობდეს?
-ამ ეტაპზე, ვის დაუჭერენ, თუ არ დაუჭერენ მხარს, ნამდვილად არ ვიცი. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, გვაჩვენონ, რა გავლენას მოახდენს ცვლილებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რამდენად არიან მზად, რომ დრამატულად შეამცირონ ბიუროკრატიისთვის განკუთვნილი მილიონობით ლარი და ამის შემდეგ შევაფასებთ, დადებითია ეს ცვლილებები, თუ არა. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ სამინისტროების გაერთიანებაზე თუ სახელების გადარქმევაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა. სწორედ, ამას ლაპარაკობდა გიორგი კვირიკაშვილი, როცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო. იგივეს იმეორებდნენ ჩვენი კოლეგები უმრავლესობიდან, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაფერი იყო ტყუილი. არანირი საფუძველი არ გვაქვს, სიტყვაზე ვენდოთ მამუკა ბახტაძეს. ამიტომაც, დაველოდებით კონკრეტულ გაანგარიშებას.
-კონკრეტულ გაანგარიშებას, ალბათ დროს სჭირდება, მანამდე კი, ჯერ სამთავრობო სტრუქტურებში რეფორმა უნდა ჩატარდეს...
-არ სჭირდება არანაირი დრო. კანონით არიან ვალდებული, როდესაც ცვლილებების პროექტს პარლამენტში შემოიტანენ, კონკრეტული გათვლები წარმოადგინონ. შარშან ამბობდნენ, სამი თვის განმავლობაში რესტრუქტურიზაცის დავიწყებთ და შემდეგ გეტყვით, რამდენი დავზოგეთო, მაგრამ სამჯერ სამი თვე გავიდა და დანაზოგი არ არის. ახლანდელი დაპირებაც ძალიან წააგავს ძველ ტყუილს და მიტომ საზოგადოების მოტყუების მცდელობაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.
0