10:44:40     07-06-2011
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში ჯერალდ ჰოვარტი საქართველოში იმყოფება. ჯერალდ ჰოვარტის საქართველოში ვიზიტის ძირითად მიზანს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჯერალდ ჰოვარტმა ასევე შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნოდარ ხარშილაძესთან და გაერთიანებული შტაბისა და სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან. იგი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ცენტრსაც ესტუმრა და პროგრამის მენეჯერს და მონაწილეებს გაესაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯერალდ ჰოვარტმა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადება გააკეთა: “მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოს ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. ბრიტანეთი ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად კვლავ განაგრძობს საქართველოს დახმარებას. დღეს სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ბრიტანეთიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მრჩეველი გამოიგზავნება. საქართველო რჩება ბრიტანეთის მნიშვნელოვან მეგობრად. ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით ავღანეთში და მე პირადად მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს იმ მსხვეპლისთვის, რომლებსაც ისინი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად იღებენ.”
დიდი ბრიტანეთის მხარესთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას განათლების სფერო წარმოადგენს. BMATT-ის (British Military Advisory Training Team) პროგრამის ფარგლებში, ქართველი ინსტრუქტორები საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების საკითხებზე მომზადებას ყოველწლიურად გადიან ქ. ვიშკოვოს (ჩეხეთის რესპუბლიკა) სამხედრო აკადემიაში. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ დიდ ბრიტანეთში გაიარონ სამეთაურო-საშტაბო, ინგლისური ენისა და საერთაშორისო ურთიერთობების კურსები.
mod.gov.ge 0