13:25:59     16-01-2018
გიორგი კაპანაძე: "NDI-ის კვლევაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დამაფიქრებელი ხაზია"
"ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი ხაზია.
1. უკმაყოფილოთა რიცხვი (39 პროცენტი), აღემატება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება (26 პროცენტი) ან საერთოდ არ იცვლება (32 პროცენტი).
2. გამოკითხულთა 29 პროცენტი თანახმაა საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს.
დასკვნა 1: პირველ ნაწილში მივიღეთ უკმაყოფილოთა ისტორიული მაქსიმუმი, რაც რასაკვირველია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებითაა განპირობებული.
სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ვითარება კიდევ უფრო არასახარბიელო გახდება და ერთი მხრივ, პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს, ხოლო მეორე მხრივ, წარმოშობს ხელისუფლების გადახალისების, მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობას.
დასკვნა 2: იზრდება და ძლიერდება როგორც რუსული პროპაგანდა, ისე რუსული პროპაგანდის შედეგი: ამომრჩეველთა გადახრა პრორუსული პოლიტიკისაკენ.
ასევე, სწორედ რუსული პროპაგანდის შედეგია ისიც რომ სამხედრო თვალსაზრისით, გამოკითხულთა უმრავლესობას რუსეთი ამერიკაზე ძლიერი ჰგონია. ეს მაშინ, როდესაც ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი მთელი მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის თითქმის ნახევარია.
[I=2]და კიდევ: მართალია, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა მომხრეა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი (60 პროცენტი), მაგრამ როდესაც 29 პროცენტი ქვეყანას უკან - კრემლის ორბიტაზე ექაჩება, ეს უკვე პრობლემაა. დიდი პრობლემა.
P.S: პირველი პრობლემიდან გამოსავალი, ეკონომიკის გაძლიერება, დაპირებების შესრულება, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა და სამუშაო ადგილების შექმნა იქნებოდა, მსხვილი ინვესტიციების შემოსვლის პარალელურად.
მეორე პრობლემიდან გამოსავალი კი, ხელისუფლების ურყევი ნება - დაუპირისპირდეს რუსულ პროპაგანდას, რაც მისივე გონივრულობაზე, რეფორმებსა და დეკლარირებული ღირებულებების რეალურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული", - წერს სოციალურ ქსელში კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე.
0